Dialogi.ge contact@dialogi.ge

ჭარბი წონა და მენტალური ჯანმრთელობა

ჭარბი წონა და მენტალური ჯანმრთელობა 11:06:16 2023-01-25

ჭარბი წონა და მენტალური ჯანმრთელობა

გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარი ორგანიზმის ფუნქციონირებას? როგორ არის დაკავშირებული ის სასიცოცხლო პროცესები ერთმანეთთან, რომლებიც ფაქტობრივად განსაზრვრავენ ჩვენი ბიოლოგიური სხეულის სიცოცხლისუნარიანობას და ამასთანავე მენტალურ სიჯანსაღეს.
ალბათ ბევრი გსმენიათ სწორ კვებაზეც და მის მნიშვნელოვნებასა თუ საჭიროებაზე, თუმცა როგორ ბაზირებს მთლიანად მასზე ორგანიზმის გამართული მუშაობა, შეიძლება ბუნდოვანი იყოს თქვენთვის და მხოლდ შაბლონურ ცოდნას წარმოდგენდეს.
როდესაც ვსაუბრობთ ჭარბ წონაზე როგორც შედეგზე, მის უკან გაცილებით კომპლექსური პროცესების ციკლი უნდა წარმოვიდგინოთ, რომლის სათავეში უმეტესად არასწორი კვებითი ჩვევები დგას, ხოლო ბოლოში - ფსიქოემოციური სირთულეები, რაც კიდევ უფრო პრობლემურს ხდის კვებით უნარ-ჩვევებს. მათ შორის კი მთელი ჯაჭვი იქმნება ორგანული პროცესებისა, რომელიც "დომინოს ნგრევის პრინციპით" მუშაობს. კერძოდ: არასწორი კვება  ნივთიერებათა ცვლის/მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს, რაც თავის მხრივ ენდოკრინულ სისტემაში პათოლოგიურ ცვლილებებს აღძრავს, ეს უკანასკნელი კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პროცესები უკუმიმართულებითაც ვრცელდება და ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს ჩვენს ორგანიზმში. სრული ქაოსი. მაშ გამოსავალი რაშია?
თუ კი ზემოთ აღწერილ პრობლემაში საკუთარი თავი ამოიცანით, პირველ რიგში გადახედეთ საკუთარ კვებით ჩვევებს, რომლითაც, როგორც წესი, იწყება ყველაფერი და შეაფასეთ - რამდენად სწორად იკვებებით? რამდენად იცით რა არის თქვენთვის სწორი კვება? იცით ზუსტად რა გიშლით ხელს სწორად კვებაში? რამდენად შეგწევთ ფსიქოლოგიური უნარი დაუხმარებლად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა? პარადოქსია ის, რომ ყველა იაზრებს კვების გადამწყვეტ როლს წონის რეგულირებაში, თუმცა ყველაზე მეტად მისი მოწესრიგების საკითხი ხდება ხოლმე უგულვებელყოფილი, ან უარესი - გაურკვეველი ტიპის დიეტებითა და შეზღუდვებით ცდილობენ ჭარბ წონასთან გამკლავებას, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე და მალევე ნებდებიან გულაცრუებულები. ბოლოს, ერთერთი გერმანელი ფილოსოფოსის, ლუდვიგ ფოიერბახის სიტყვებს დაგიტოვებთ, რომელიც ამბობდა "ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთო" და არამხოლოდ, ჩემის მხრივ დავამატებ - მნიშვნელოვანია როგორ ვჭამთ და როდის?
თამარ ლაფაჩი ფსიქოლოგი, კვებითი ჩვევების სპეციალისტი