პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა(PTSD) წარმოადგენს ინტენსიურ, ხანგრძლივ და დროში გადავადებულ რეაქციას სტრესულ მოვლენაზე. გამომწვევი მიზეზები კი, მოიცავს ისეთ ტრავმატულ მოვლენებს როგორიცაა ნებისმიერი სახის ძალადობა, ავტოავარიები, ომი და სხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სიტუაციები.
პოსტტრავმული აშლილობის ძირითადი სიმპტომებია: ზესიფხიზლე, ტრავმატული მოვლენებისგან თავის არიდება, სტრესული მოვლენების განმეორებადი განცდა, ინტენსიური სტრესი, ძილის დარღვევა, დესტრუქციული ქცევები - ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, გამოხატული აგრესია და ა.შ.
იგი აუცილებელია განვსახვავოთ სამხედრო ფსიქიკური ტრავმისგან, რომელიც მოსალოდნელი რეაქციაა საბრძოლო გამოცდილებაზე და ითვლება სტანდარტად. შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე კი, შესაძლებელია გადაიზარდოს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაშიც.
საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული აშლილობის სახელწოდება უკავშირდება ვიეტნამის ომს. სამხედრო მოსამსახურეების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ იგი მამაკაცების დაახლოებით 30%-ს და ქალების 27%-ს აღენიშნებოდა. ამ კვლევიდან 14 წლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ისინი გაცილებით მეტ ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს განიცდიდნენ. ამასთან ერთად, სახეზე იყო ფიზიოლოგიური სახის სირთულეებიც.
აღნიშნული გამოცდილება ცხადჰყოფს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ფსიქო-განათლებას.
გამკლავების არაადაპტაციურმა გზებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს არამხოლოდ ამ პროცესში მყოფ ადამიანს, არამედ გარშემომყოფებსაც. აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა, რათა ადამიანმა შეძლოს ემოციების გაზიარება, ტრავმის გავლენის შესუსტება და იმ სიმპტომების აღმოფხვრა, რაც საზიანოა მისი და მის გარშემო მყოფი ადამიანების მენტალური და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის.