გამოიმუშავე ჯანსაღი კვებითი ჩვევები
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ არის შესაძებელი ფსიქოთერაპიული მეთოდით წონის დაკლება, თანაც აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე?! ამაზე არ არსებობს ერთი, კონკრეტული და სტანდარტული პასუხი, რის გამოც ამ საკითხის გარშემო ხალხში ბუნდოვანების განცდა რჩება ხოლმე. ზოგჯერ სევდაც კი მიგრძვნია, იმდენად ვერ წარმოუდგენია ადამიანს, მასში რამხელა ფსიქოლოგიური რესურსი იმალება, რომელსაც თუკი გამოათავისუფლებს და სწორად მიუსადაგებს ორგანიზმის კანონზომიერებებს, ეფექტურად შეძლებს ისეთი მზაკვარი პრობლემის დამარცხებას, როგორიც ჭარბი წონაა. ამიტომ გადავწყვიტე, თანმიმდევრულად მოგიყვეთ, თუ რაზე ხდება მუშაობა წონის კორექციის ფსიქოთერაპიულ ჯგუფში და რა პროცესებს გადიან მასში ჩართული წევრები.
მანამდე გეტყვით, რომ ყველაფერი იწყება თქვენი მოტივაციითა და გადაწყვეტილების მიღებით - დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა და დაუბრუნოთ საკუთარ სხეულს კომფორტული წონა, რაც ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება ამ პროცესში, რადგან გადაწყვეტილების მიღების გარეშე შესაძლოა წლები გაატაროთ ჭარბ წონასთან შეგუების მდგომარეობაში. გახსოვდეთ - რისი შეცვლაც შესაძლებელია, იმასთან შეგუება კი არა, ცვლილებისთვის გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რაც მოქმედებაში მოიყვანს თქვენს განზრახვას.
ტრენინგის პირველ დღეს საკუთარ თავთან შეხვედრა ხდება, რომელსაც შესაძლოა თქვენ გაურბოდით, მაგრამ თქვენი სხეული დიდხანს ელოდა. პირველ ეტაპზე ხდება იმის სწავლა და გაცნობიერება, თუ რას აკეთებთ არასწორად, რა შეცდომებს უშვებთ, კონკრეტულად როგორ და რა იწვევს წონის მატებას და რა არის გამოსავალი იმ ჩაკეტილი მანკიერი წრიდან, რომელსაც აქამდე მუდმივ იმედგაცრუებასთან, თვითბრალეულობისა და თვითაგრესიის განცდასთან მიჰყავდით. პირველ დღეს ფსიქოთერაპიული მუშაობა სწორედ საკუთარი საჭიროებების გაცნობიერებასა და იმ გამოცლილ, სასიცოცხლო ენერგიის აღდგენაზე მიმდინარეობს, რომელიც ყველაზე მეტად გესაჭიროებათ წონის კლებისთვის. პირველი ტრენინგის ბოლოს ტარდება კუჭის მოცულობის შემცირების სავარჯიშო, რომელიც სხეულზე ორიენტირებული ვიზუალიზაციის ტექნიკაა და კუჭის ტონუსის აღდგენას ემსახურება, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, დანაყრდეთ ნორმალიზებული რაოდენობის საკვებით.
ტრენინგის მეორე დღეს ინტენსიურად ვმუშაობთ სწორი კვების ჩვევების ფორმირებასა და სწორი კვების წესების შესწავლაზე, სადაც ბევრ სასიამოვნო აღმოჩენას გააკეთებთ. თითოეულ ჯგუფის წევრს ენიშნება ინდივიდუალური კვებითი ნორმა, რომელიც ეფექტურ წონაში კლებას განსაზღვრავს. აგრეთვე, სხეულზე ორიენტირებული ფსიქო-ტექნიკების დახმარებით მოხდება იმ უმნიშვნელოვანესი პროცესების აქტივიზაცია ორგანიზმში, როგორიც არის ნივთიერებათა ცვლა და მეტაბოლიზმი. მეორე დღესვე შემოდის ტრენინგში „ემოციური კვების“ თემა, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჭარბწონიანობის პრობლემაში და ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის ამის შესახებ. თუმცა არამგონია იცოდეთ კონკრეტულად რომელი ემოციები იწვევს ჭარბი კვების სურვილს და რა უნდა მოვუხერხოთ ამ დროს საკუთარ ემოციურ იმპულსებს. სწორედ ამას სწავლობს ადამიანი ტრენინგის ფარგლებში.
მესამე დღე ეთმობა ჭარბი წონის ფსიქოსომატური მიზეზების განხილვას, დათრგუნული და დაბლოკილი ემოციების გამოთავისუფლებაზე მუშაობასა და საკუთარი პიროვნული მახასიათებლების იმგვარად გადაწყობას, რომ წონის კლებისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გახდეს. პარალელურად, სრულდება ის მარტივი კვებითი რეკომენდაციები, რომელსაც აქტიურ ცხიმის წვის რეჟიმში გადაყავს ორგანიზმი და პირველი დღეებიდანვე იწყება წონის კლება.
ტრენინგის მე-4 დღეს, რომელიც 1 კვირის შემდგომ იმართება, ჯგუფის წევრები მოდიან უკვე პირველი შედეგებით, ემოციურად და პიროვნულად გარდასახულები, რომლებიც სიამოვნებით და სიამაყით ზრუნავენ საკუთარ თავზე და უაღრესად კმაყოფილნი არიან იმის ხილვით თუ როგორ მსუბუქდება და უფრო და უფრო ჯანსაღდება მათი სხეული. მეოთხე ტრენინგი ეთმობა იმ თავისებურებების განხილვას, რომელიც წონის კლების პროცესისთვს არის დამახასიათებელი და ჯგუფის წევრები სწავლობენ როგორ უნდა იხელმძღვანელონ თითოეულ ეტაპზე. საერთო ჯამში ამგვარი დინამიკით ყოველთვიურად 3-7კგ-ის დაკლება ხდება, რაც ჯანმო-ს რეკომენდაციით სრულიად ნორმალურ და უსაფრთხო შედეგად არის მიჩნეული.
ამ და კიდევ ბევრ საინტერესო მუშაობას გადიან ჯგუფის წევრები მთელი კურსის მანძილზე. დიახ, წონაში კლება არა ზედაპირულ, არამედ სიღრმისეულ, კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელშიც თანაბარი პასუხისმგებლობით სრულფასოვნად იქნებიან ჩართული - როგორც ჯგუფის წევრი, ისე პეციალისტი. თავდაპირველად, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, მთავარია გააცნობიეროთ რომ გადაწყვეტილება თქვენზეა. ერთი თვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ პროგრესი, შედეგები, საკუთარი თავის მტკიცე რწმენა, ან ისევ იგივე მიზეზები, დანაშაულის გრძნობა და სინანული. ყველაფერი თქვენს ხელშია! J