Dialogi.ge contact@dialogi.ge

ქოუჩინგი და პოლიფონია

ქოუჩინგი და პოლიფონია 18:01:45 2022-05-24

ქოუჩინგი და პოლიფონია

თანამედროვე ადამიანს განსაკუთრებული ოსტატობა მოეთხოვება საკუთარ თავთან ჰარმონიასა და გარემოსთან სწორად შეთამაშებას შორის ბალანსის მიღწევაში. ფაქტია, რომ სათანადო თვითშემეცნების გარეშე ადამიანის ინტერაქცია საზოგადოებაში დაბალეფექტურია და პირიქით, სოციალიზაციის გარეშე ადამიანის თვით- გაცნობიერებულობა - პრაქტიკული დანიშნულების განხორციელებას მოკლებული. იქნებ ჯობია, საკუთარი თავის ინტროვერტების ან ექსტროვერტების განყენებული კასტებისადმი  მიკუთვნების ნაცვლად მასში ჩვენი პოლარული მიდრეკილებების გაერთიანებაზე ვიფიქროთ. და საერთოდ, არის კი შესაძლებელი ოდესმე რეალურ ბალანსს მივაღწიოთ ამ მიმართულებით?

ადამიანი სოციალური და კულტურული არსებაა. ამ თავლსაზრისით მას სულ მცირე სოციუმთან ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის აუცილებელი, საყოველთაოდ აღიარებული წესების დაცვა და სხვებთან შეთამაშება მოეთხოვება. მეორე მხრივ, ადამიანი ინდივიდულური აზროვნების, საკუთარი საზრისის პოვნის ავთენტური გზების ძიებით ფასობს. გამოდის, რომ კულტურის, სოციუმის, ტრადიციებისა და ფართო თუ ვიწრო გჯუფების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინების პროცესში, პარალელურად საკუთარი საზრისის ძერწვაზეც უნდა ვიფიქროთ. ეს დაახლოებით ისეთი შემთხვევაა, როდესაც პოლიფონიურ ფორმატში სიმღერისას სხვების ხმებიც უნდა გესმოდეს და საკუთარიც. როგორ მიიღწევა ეს რეალურ ცხოვრებაში?

ქოუჩთან სესიაზე მოსული კლიენტი იძენს შესაძლებლობას მის პროცესს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ პოლიფონიას ობიექტური მსემენელის ყურით მოუსმინოს, გვერდიდან შეხედოს - აღიქვას როგორც საკუთარი, ისე სხვების როლი და დანიშნულება. ეს ცნობიერი ტრანსფორმაცია ხედვასა და მიდგომებში შესაძლებლობას აძლევს კლიენტს, ერთი მხრივ, საკუთარი თავის ობიექტური თვითშეფასება შეძლოს გადაჭარბებული თვითგვემისა და ნარცისიზმის გარეშე; მეორე მხრივ, კი საერთო სურათის ანუ სისტემური ხედვის უნარი გამოიჩინოს, გამოვიდეს პირადი განცდებიდან და ემოციებიდან და თავი იმ სპექტაკლის რეჟისორად წარმოიდგინოს, რომელშიც თავად მონაწილეობს.

კლიენტები ისევ ძველ კითხვებს სვამენ და დაჟინებით ინეტერსედებიან იმით, თუ როგორ მუშაობს ქოუჩინგი: რა შეიძლება მოხდეს ასეთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი იმ მცირე დროის მანძილზე, რომელსაც კლიენტი სესიაზე დაჰყოფს? ჩვენ განმეორებით ვპასუხობთ - ქოუჩი არ არის ჯადოქარი, ის ჩვეულებრივ ტექნიკას იმ რწმენით იყენებს, რომ კლიენტს შეუძლებელის დაძლევაც ხელეწიფება. ქოუჩინგის პროცესში ახალი გაცნობიერებების ხარჯზე ადამიანი საკუთარი ცხოვრების მართვის ოსტატი ხდება: ის პროფესიონალი შემფასებელივით პოლიფონიის შესრულებისას ყველა ხმის მიდევნებასთან ერთად უპირველესად საკუთარს უსმენს; სხვადასხვა ხმისგან შექმნილ ხმაურში, გაბმულ პოლირიტმიკაში საკუთარი თავის ამოცნობა მას აღარ უკვირს და არ ეძნელება. ასე პოულობს ცხოვრების სადავეებს და საკუთარ მაჯისცემას ქოუჩთან სესიაზე მისული კლიენტი ერთხელ და სამუდამოდ.