ომი და ქოუჩინგი
გარესამყაროს აღსაქმელად ადამიანებს ბავშვობიდავნე შეფასებით კატეგორიებს გვასწავლიან. დიდი-პატარა, კარგი-ცუდი, მაღალი-დაბალი, ძლიერი-სუსტი - ასეთი კონტრასტების შეწავლით ადამიანის გონება ძირითად მოცემულობებს იაზრებს. თუ ასეთი არითმეტიკული სიზუსტით განხორციელებული დაყოფა დროთა განმავლობაში, ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად აზროვნების ახალი ფერებით და ფორმებით არ შეივსო, თუ შავსა და თეთრს შორის გამყოფის შინაარსი სიღრმესა და სიგანეში არ გაიშალა, შედეგად პროგრესის და სიყვარულის დეფიციტს ვიღებთ.
ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნება ოდითგავნე საპატიო და საინტერესო მოწოდებას წარმოადგენდა. თუმცა, დღევანდელ დღეს თვითშემეცნება, როგორც საკუთარ სურვილებსა და მათ მიღმა არსებულ მოტივაციაში გაცნობიერების პროცესი, უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს. ცნობილი ფსიქიატრი, გაბორ მატე მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოსვლაში შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი შინაგან შიმშილს განიცდის. ამ შინაგანი შიმშილის დაძლევას ადამიანი გარედან მიღებული „სიკეთეებით“ ცდილობს. ასე იქცევა ზოგიერთი ჩვენგანი ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, საკვებსა და თუ სხვა შინაარსის სიამოვნებებზე დამოკიდებულად. დამოკიდებულების ყველაზე უზნეო და სასტიკი ფორმა ძალაუფლებაზე დამოკიდებულებაა. ეს ადამიანის შინაგანი შიმშილის უკიდურესი მდგომარეობის გამომხატველია.
ძალაუფლებაზე დამოკიდებულების მაგალითების განხილვისას მატე ისტორიულ წარსულზე საუბრობს და ჰიტლერისა და მსგავსთა მაგალითები მოჰყავს. 2022 წლის თებერვლის მიწურულს წარსულის ჰორორი აწმყოში გაცოცხლდა. მიმდინარე მოვლენების ფონზე ადამიანები კიდევ უფრო დავიქსაქსეთ და დავუპირისპირდით ერთმანეთს. ჩვენი შინაგანი შიმშილი ზედაპირზე ამოვიდა და საყოველთაო აგრესიის ფონზე „შინაგან მხეცებს“ მზის შუქზე გამოსვლის ნება მივეცით. საკუთარ აგრესიას დაუფარავად გამოვხატავთ და ვაფრქვევთ ჩვენთვის სასურველი მიმართულებით.
ალბათ იფიქრებთ, რა შუაშია ამ ყველაფერთან ქოუჩინგი? რა დროს ქოუჩინგია გაქანებული ომის დროს? ქოუჩინგი სხვა არაფერია თუ არა ფიქრის ფორმა, რომელიც ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ორმწკრივად დაყოფის პერპექტივას აფართოვებს, დანგრეული ურთიერთობებისა და სინამდვილის ახალი თვალთახედვით შეფასების შესაძლებლობას ქმნის, მიტევებისა და მადლიერების კულტურას ნერგავს და ამოტივირებს ადამიანებს, ყველაფრის მიუხედავად, გაბედონ, დაიწყონ თავიდან. ნებისმიერი ომის შემდგომ ადამიანები ორ გზას ადგებიან. ერთნი ეგუებიან არსებულ სინამდვილეს და გადარჩენილის სტატუსით განაგრძობენ არსებობას, ცოცხლობენ. მეორენი კი, შეურიგებლად ეძებენ ცხოვრების ახალ მიზანს, ახალ ძალას და შესაძლებლობებს ომში დაგროვილი შეუფასებელი გამოცდილებისთვის შთამბეჭდავი სიცოცხლის მისაცემად. ამ ორ გზას შორის არჩევანის გასაკეთებლად ქოუჩი თქვენს სამსახურშია.