ფსიქოთერაპია დღეს
ფსიქოთერაპიის კულტურა, როგორც ჯანმრთელი სოციუმის ერთ-ერთი საწინდარი, ახლად ფეხმოკიდებულია ქართულ რეალობაში და აქტიურად ემსახურება ადამიანთა ფსიქიკური გაჯანსაღების პროცესებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფსიქოთერაპიის საჭიროების ასე ერთბაშად და მასტაბურად გაზრდა, უკანასკნელ პერიოდში შექმნილმა ფორს-მაჟორულმა ვითარებამაც განაპირობა. თუმცა კოვიდპანდემიამდე, საქართველოში ამ დარგის ინტენსიური განვითარება განაკუთრებით ბოლო ათწლეულში გამოიკვეთა და დღესდღეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გვევლინება როგორც საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი სერვისი. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ცნობიერების ასამაღლებლად ეს ნამდვილად არ კმარა, რადგან ადამიანთა დიდ ნაწილს დღემდე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ფსიქოთერპიული საქმიანობის შესახებ და მის ეფექტიანობასაც სკეპტიკურად უყურებენ. საბოლოოდ, ეს და სხვა გარემოებები არც თუ ისე იშვიათად, მომართვიანობისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს ადამიანს, მაშინ როდესაც ამის სასიცოცხლო საჭიროება არსებობს, უმოქმედობა კი ამ დროს არამხოლოდ მას, არამედ მის გარშემომყოფ საყვარელ ადამიანებსაც აზიანებს. სწორედ ამ გარემოებებზე გესაუბრებით, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება არსებობდეს სოციუმში სპეციალისტთან მისასვლელად და განვიხილავ იმ პროცესებს, რომელსაც ადამიანები გადიან ფსიქოთერაპიულ კაბინეტში აღმოჩენამდე.
უპირველესყოვლისა, როდესაც დაბრკოლებებზე ვსაუბრობთ, სერვისის ღირებულების საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. ქართულ მოსახლეობაში მიჩნეულია, რომ ფსიქოთერაპია ძვირადღირებული სიამოვნებაა. რაც ზოგჯერ ჩანასახშივე კლავს მომართვის მოტივაციას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღირებულების ფაქტორი დამაბრკოლებლად უფრო იმის გამო აღიქმება, რომ ჯერ ისევ ცნობადობის პრობლემა დგას საზოგადოებაში და სათანადოდ არ არის გააზრებული თუ როგორ მუშაობს რეალურად ეს „უწამლო თერაპია“. გაცილებით დიდ ფინანსებს მოითხოვს ფსიქოსომატური ცვლილებებით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების მკურნალობა, რომელიც უყურადღებოდ დატოვებული ფსიქო-ემოციური პრობლემების შედეგია, ასევე უფრო ძვირად უჯდება ადამიანს ის პიროვნული კრიზისები, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად დისფუნქციურს ხდის მას. შესაბამისად, იმაზე ძვირადღირებული ვერასოდეს იქნება საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვიდრე მისი უგულვებელყოფით გამოწვეული სულიერი თუ სხეულებრივი უძლურებების მოვლა.
მეორე, ასევე აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტორი არის ე.წ. პროკრასტინაცია, მნიშვნელოვანი საქმის ბოლო წუთამდე გადადება რომ სჩვევიათ ადამიანებს, ეს სრულიად ტრივიალური ამბავია და ამ პიროვნულ თავისებურებაზე უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა. თუმცა მაინც ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ როგორ იჩენს თავს ეს ყოვლად მავნებლური თვისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებითაც, მათ შორის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებშიც. მაგალითად, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ ჩქარობს ექიმთან მისვლას მანამდე, ვიდრე უკიდურესად არ შეაწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები. სწორედ ასევე, არ ჩქარობენ ფსიქოლოგთან ვიზიტს, ვიდრე არ შეაშინებთ ის ფაქტი, რომ ფსიქიკური პრობლემები განმეორებადი და პროგრესული ხასიათისაა და მათთან გამკლავება სულ უფრო რთული ხდება დროთა განმავლობაში.
თუმცა, მავნებლური პროკრასტინაციის გარდა, ფსიქოთერაპევტის კაბინეტში შებიჯებამდე, ადამიანს კიდევ რამდენიმე ბრძოლის გადალახვა უწევს საკუთარ თავთან - ჯერ უნდა აღიაროს პრობლემა, შემდეგ გააცნობიეროს რომ დახმარება სჭირდება და ბოლოს მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალისტის ჩარევის, რაც არაა მარტივი ამბავი მათთვის, ვისთვისაც დახმარების საჭიროება სისუსტესთან ასოცირდება... აქ კი სწორედ ის სტიგმა და მივიწყებული განწყობები იჩენენ თავს, რაც წარსულში არსებობდა და დღემდე შემორჩენილია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. გამომდინარე აქედან, ადამიანთა დიდი ნაწილი ისევ მარტო ამჯობინებს ამ ბრძოლაში ჩართვას საკუთარ თავზე გამარჯვების იმედად და გვიანღა აცნობიერებს, ზოგჯერ კი ვერც - თუ რამდენად დიდ სასიცოცხლო ენერგიას ართმევს მას ეს შინაგანი წინააღმდეგობები.
და ბოლოს, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო არის შემდეგი - აღმოჩნდა, რომ დაბრკოლებები ადამიანებს პრობლემის აღიარებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც ექმნებათ. თერაპიული სესიის დაგეგმვისას თავს იჩენს პირველად ვიზიტთან დაკავშირებული შფოთვა - თუ როგორ წარსდგებიან ფსიქოთერაპევტთან, როგორ შეძლებენ საკუთარ პრობლემებზე საუბარს, იქნებიან თუ არა სწორად აღქმულნი და გაგებულნი, ხომ არ განსჯიან მათ განცდებსა და ქცევებს და ა.შ. ამგვარი ღელვა სრულიად ბუნებრივი და გასაგებია, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის ზუსტად რას უნდა ელოდოს პირველი სესიისგან, გარდა ამისა თერაპიულ პროცესში ხშირად ხდება ისეთი საკითხების გაზიარება, რომელიც კლიენტისთვის უკიდურესად პირადული და სენსიტიურია, შესაბამისად ამ თემების გაშიშვლების პერსპექტივამ შესაძლოა დაუცველობის გრძნობა აღძრას მასში, რაც ცხადია საფრთხის განცდის მიზეზი ხდება და შფოთვაც არ აყოვნებს. ამგვარი დილემის გადაწყვეტისას, შფოთვის შესამცირებლად შეაძლოა სულაც უარი თქვას პიროვნებამ თერაპევტთან ვიზიტზე, რაც მის რეალური პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო გადაავადებს. თუმცა, როგორც ამბობენ შემთხვევით არაფერი ხდება და ამის დროც დადგება მისთვის.
აი ეს არის ძირითადად იმ პროფესიული საკითხების მოკლე მიმოხილვა, რომელიც ბოლო პერიოდში დამიგროვდა და მსურდა გამეზიარებინა თქვენთვის. მათ კი, ვინც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, გეტყვით - გახსოვდეთ, რომ ფსიქოთერაპევტი საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ თქვენს დასახმარებლად ისწრაფვის და არა თქვენს განსასჯელად. ფსიქოთერაპევტიც თქვენსავით ჩვეულებივი ადამიანია და არ არის სრულყოფილება, უბრალოდ კარგად ესმის ფსიქოლოგიური სირთულეების ბუნება, მათი მოქმედების მექანიზმი და გადაჭრის გზები. სინამდვილეში, ფსიქოთერაპევტების უმეტესობა თავად გადიან თერაპიულ პროცესს, რადგან ეს ამ საქმიანობის შემადგენელი და აგრეთვე რეკომენდირებული ასპექტია. გახსოვდეთ, რომ თერაპიული მაგია, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ აცნობიერებთ მთავარს - იმ ფაქტს, რომ საკმარისი ხართ და მიღებული ხართ ისეთი, როგორიც ხართ, შემდგომ კი იწყებთ იმ ნეგატიური ფიქრების, განცდებისა თუ ქცევების შეცვლაზე მუშაობას, რომელიც ყველზე მეტად გაბრკოლებთ ცხოვრებაში.
წარმატებებს გისურვებთ!