Dialogi.ge contact@dialogi.ge

ქოუჩინგი, როგორც თვითგამორკვევის ინსტრუმენტი

ქოუჩინგი, როგორც თვითგამორკვევის ინსტრუმენტი 14:56:12 2022-01-11

ქოუჩინგი, როგორც თვითგამორკვევის ინსტრუმენტი

   ხშირად გვეჩვენება, რომ მიზანი დავკარგეთ. ინდივიდუალურ მომხმარებლებთან და ჯგუფურ ფორმატში მუშაობის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ერთეული შემთხვევები არ არის და, რომ მიზნის დაკარგვის ამგვარი სუბიექტური აღქმა ხშირია. ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია მდგომარეობა, როდესაც არც ცოდნისა და გამოცდილების არქონას უჩივი და, თითქოს, არც მცდელობას იშურებ მიზნების რეალიზაციისთვის, მაგრამ შენი ხელიდან არ გამოდის ის, რაც გინდა, რომ გამოვიდეს; კლებულობს მოტივაცია და თითქოს მიზნებიც სიცხადესა და გამომსახველობას კარგავენ. საინტერესოა, რა ხდება ასეთ დროს: გვეჩვენება თუ მართლა ვკარგავთ მიზნებს?

   ინდივიდუალურ სესიაზე ყველა მომხმარებელი მისი თემით მოდის. როდესაც ადამიანი გაცნობიერებულია მის მიზნებსა და მოტივაციაში, ქოუჩის ფუნქცია ამ მიზნების რეალიზაციისთვის აუცილებელი ფორმატის შექმნაში მდგომარეობს. ასეთ დროს ძირითადი აქცენტი დაგეგმარებასა და მოტივაციის გამყარება-გაზრდაზეა მომართული. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ერთდროულად რამდენიმე მიზნით მოდის და მათ შორის პრიორიტეტიზაციას ესწრაფვის, ან სულაც დაკარგული აქვს კონტაქტი მის მიზნებთან. როგორც მიმდინარე პრაქტიკა აჩვენებს, ასეთ შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. ასეთი თემების განსახივლელად ქოუჩი სპეციფიკურ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ადამიანს დაგეგმარებამდე და დაგეგმარებისთვის აუცილებელ და ფუნდამენტურ დიალოგს სთავაზობს საკუთარ თავთან.

   მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განასხვავებს ქოუჩინგს ფსიქოთერაპიული პროცესისგან და რამდენად სიღრმისეულია საკითხების განხილვის პროცესი ქოუჩინგის სესიაზე. ცხადია, ქოუჩინგი არ მუშაობს კლიენტის ტრამვულ გამოცდილებებზე და ამ თვალსაზრისით ფსიქოტრამვების დიაგნოსტირებას და/ან თერაპიას არ უზრუნველყოფს. თუმცა, ქოუჩთან დიალოგისას, თვითგამორკვევის თემით მისული კლიენტი, იძენს შესაძლებლობას გამართოს საკუთარ თავთან სიღრმისეული დიალოგი და ახალი თვალით, პოზიტიური გადაფასების პერსპექტივით, შეხედოს თუნდაც ყველაზე მტკივნეულ  გამოცდილებას.

   შესაბამისად, თუ მომხმარებლებს აინტერესებთ, რამდენად სიღრმისეულია ქოუჩთან დიალოგი, ჩვენ ვპასუხობთ: მომხმარებელი დიალოგში შედის არა ქოუჩთან, არამედ საკუთარ თავთან და ეს დიალოგი ისეთი სიღრმისაა, როგორი სიღრმეც სჭირდება თავად მას, კონრეტული ამოცანის გადასაჭრელად. თუ მომხმარებლებს აინტერესებთ, ვსაუბრობთ თუ არა წარსულ გამოცდილებებზე, ჩვენ ვპასუხობთ: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი ახდენს წარსულში მომხდარი მოვლენების პოზიტიური პერსპექტივით გადაფასებას მათგან საუკეთესო გამოცდილების წამოღების მიზნით. არაგონივრული და უსამართლო იქნებოდა ქოუჩინგის მნიშვნელობის დავიწროვება და მისი გაიგივება დაგეგმარების პროცესთან. ქოუჩინგი შთამბეჭდავი და შეუდარებელი ინსტრუმენტია ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც საკუთარ თავთან კონტაქტის გაწყვეტის გამო გვეჩვენება, რომ მიზნებს ვკარგავთ. ყველა ილუზორულ დანაკარგს ქოუჩინგი ახალ შესაძლებლობად წარმოაჩენს. სწორედ ესაა ქოუჩინგის, როგორც თვითგამორკვევის ინსტიტუტის, უნიკალური დანიშნულება.

ქეთევან ირემაშვილი