ქოუჩინგი და თავისუფლება
თავისუფლება ადამიანის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. სწორედ თავისუფლების იდეა კვებავდა კაცობრიობის განვითარების მანძილზე პროგრესული ტრანსფორმაციის პროცესებს. თანამედროვე პირობებში, როდესაც თავისუფლება აღიარებული და დაცულია როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ დონეზე, განსაკუთრებულად აქტუალურია შინაგანი თავისუფლების საკითხი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თავისუფლების რეალიზაციისთვის არსებულ ყველაზე ხელსაყრელ დროსა და გარემოში ადამიანები ვერ ახერხებენ სრულად მის რეალიზებას.
ადამიანის მიკრო და მაკრო გარემო, ოჯახი, სოციუმი, ეროვნული თუ კულტურული კონტექსტი, პროფესიული მოწოდება და სხვადასხვა ტიპის სოციალური სტატუსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ფიქრის პროცესსა და გადაწყვეტილებების შინაარსზე. ნებისმიერი ადამიანი, თავისუფლებისაკენ ლტოლვის ძლიერი მუხტის მიუხედავად, მისი ნებისგან დამოუკიდებლად იმთავითვე წინასწარ განსაზღვრულ კოტექსტში ეწერება. აღნიშნულის გამო, პირადი სივრცე, სადაც ის დამოუკიდებლად დადგომას და საკუთარი ფიქრის გაბედვას შეძლებს, პრაქტიკულად არ არსებობს. შინაგან თავისუფლებას განსაზღვრავს არა სტატუსი და ფაქტობრივი მდგომარეობა, არამედ ადამიანის უნარი, თავისუფლად განკარგოს მისთვის კუთვნილი სასიცოცხლო ენერგია და რესურსები. აღნიშნული უნარის რეალიზაცია დამოუკიდებლად აზროვნებასა და არსებული შესაძლებლობების სწორად შეფასებას მოითხოვს.
ადამიანი იმსახურებს გარემოს, სადაც მას ალტერნატიულად აზროვნებისა და ჩარჩოდან გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა. მხოლოდ ასეთ გარემოში მიიღწევა ახალი ხედვის, ახალი ინსპირაციისა და შინაგანი თავისუფლების დაბადება. ქოუჩინგი სწორედ ასეთ გარემოს უზრუნველყოფს. ქოუჩთან დიალოგში კლიენტს აქვს იშვიათი ფუფუნება, ისაუბროს მისი სტატუსების, დე ფაქტო მოცემულობისა და გარემოსგან მის მიმართ არსებული მოლოდინების მიღმა. ქოუჩის მიერ შექმნილი სანდო და უსაფრთხო გარემო ადამიანს ბუნებრივად აღუძრავს საკუთარ თავთან შეხვედრის მოთხოვნილებას. ასეთ დიალოგში ადამიანი არა მხოლოდ ბედავს დამოუკიდბლად ფიქრს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, არამედ აფასებს მოსალოდნელ შედეგებს და მის პირად დამოკიდებულებას ამ შედეგების მიმართ.
ქოუჩინგის პროცესში ადამიანი დამოუკიდებლად ახდენს მისი მიზნების განსაზღვრას, მათ პრიორიტეტიზაციას, არსებული მომენტისათვის აქტუალურ მიზანზე კონცენტრაციას, მიღებული გადაწყვეტილებების სისწორის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური ცვლილებების განხორცილებას. ქოუჩინგი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს და გადააფასოს მის მიერ აღებული გეზის სოსწორე და ბმა მის შინაგან ავთენტურ ხმასთან. სწორედ ეს შინაგანი ხმა განაპირობებს აუცილებელ ბიძგს ნებისმიერი ტიპის პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის. სწორედ შინაგანი ვალიდაციის მიღების შემდეგ ეძლევა ადამიანს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა. შინაგანი დასტურის აღმოჩენა კი სწორედ შინაგანი თავისუფლების მოპოვებას გულისხმობს.