Dialogi.ge contact@dialogi.ge

ქოუჩინგი და წარმატება

ქოუჩინგი და წარმატება 18:25:02 2021-11-05

ქოუჩინგი და წარმატება

ქოუჩინგი და წარმატება

თანამედროვე პირობებში წარმატების მიღწევა ბედნიერების წინაპირობად განიხილება. სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ გარემოში, ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმატებას საყოველთაოდ გაზიარებული და მსგავსი ფაქტორები განსაზღვრავს. ასეთ მოცემულობაში თითქოს სწორედ გარემოს მიერ შექმნილი კონტექსტი განაპირობებს ბედნიერების ხარისხს. წარმატების ინდიკატორები უმეტესად უკავშირდება ადამიანის განათლების, დასაქმების და პროფესიული მიღწევების, პირადი ცხოვრების, სოციალური აქტივობისა თუ გლობალური კონტრიბუციის საკითხებს. წინასწარ განსაზღვრულ მოცემულობებში ადამიანებს იშვიათად ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ და აღმოაჩინონ მათი პირადი წარმატების ფორმულა.

თანამედროვე დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სპიკერი და ავტორი შონ აკორი არაერთგზის აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ წარმატებისა და ბედნიერების მიმართების ზემოთმოცემულ პარადიგმას. როგორც კვლევები აჩვენებს, საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრება წარმატების, როგორც ბედნიერების განმსაზღელი წინაპირობის, შესახებ შესაძლებელია სრულიად საპირისპიროდ დავინახოთ. ასეთი „ექსპერიმენტული“ ხედვით, ბედნიერება განაპირობებს წარმატებას და არა პირიქით. თანამედროვე ადამიანს კარგად ესმის, რომ როგორც პროფესიულ ასპარეზზე, ისე - პირად ურთიერთობებში ბედნიერების ხარისხს განსაზღვრავს ადამიანის შეგრძნებითი გამოცდილება და არა ფაქტობრივი გარემოებები, როგორებიცაა, მაგალითად, სტატუსი ან ფინანსური მოტივაცია. ამიტომაცაა, რომ ჩვენს ირგვლივ ბევრი წარმატებული და, ერთი შეხედვით, რეალიზებული ადამიანია, რომელიც ბედნიერების ხარისხით სრულ პიროვნულ რეალიზაცის ვერ აღწევს.

ტრადიციული პარადიგმის შებრუნებით, გამოდის, რომ ადამიანმა წარმატების მისაღწევად თავდაპირველად უნდა იპოვოს ბედნიერება. როგორ უნდა ეძებოს ადამიანმა, განსაკუთრებით უკვე მოწიფულ ასაკში და საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილების პირობებში, მისი ნამდვილი ბედნიერების წყარო? რამდენად რეალურია ასეთი მიზნის დასახვა და მისი რეალიზაციის ალბათობა ზოგადად და, მით უფრო, ისეთ კონსერვატორულ გარემოში, სადაც ოცნებების ასრულება გარკვეული ასაკით შემოიფარგლება? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ქოუჩინგის პროცესში მიიღებთ. არასდროს არის გვიან ადამიანმა იპოვოს ის საქმე და მოწოდება, რომელიც მას ბუნებრივად აბედნიერებს. საკუთარი ტალანტის და ავთენტური მისწრაფების ძიება ყოველთვის დროული და აქტუალურია.

ქოუჩინგის პროცესში გამოყენებული ტექნიკები ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გამოვიდეს სტატუს კვოს ჩარჩოდან, დაინახოს საკუთარი თავი ყველაზე ობიექტური და კეთილმოსურნე გულშემატკივრის პოზიციიდან, შეიგრძნოს და დარწმუნდეს საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების სისავსეში და მიიღოს საჭირო ინსპირაცია სწორედ საკუთარი თავისგან.  ქოუჩთან დიალოგის მეშვეობით ადამიანი იღებს ორმაგ დასტურს მისი გონებისა და გულისგან. სწორედ რაციონალური აზროვნებისა და შეგრძნებითი იმპულსების ურთიერთდასტური აძლევს ადამიანს საჭირო შთაგონებას, გაბედოს ის და იმ ასაკში, რაც აუცილებელია მის გასაბედნიერებლად. ასეთი აქტით ადამიანი გაბედნიერებისა და წარმატების შთამბეჭდავ მაგალითს ქმნის ნებისმიერი გარემოსთვის.