Dialogi.ge contact@dialogi.ge

ქოუჩინგის მადლი

ქოუჩინგის მადლი 18:18:51 2021-11-05

ქოუჩინგის მადლი

ხშირად, როდესაც ქოუჩინგთან დაკავშირებულ სიკეთეებზე საუბრობენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი და მისი შედეგები მხოლოდ კლიენტისთვისაა სარგებლის მომტანი. ცხადია, ქოუჩინგი, როგორც კლიენტზე ორიენტირებული დიალოგი, უპირველესად გამიზნულია მისი, როგორც ინდივიდის, თვითგამორკვევის, პროგრესის და პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ. თუმცა, ქოუჩინგის, როგორც კონცეპტის, ღირებულების ასეთი შეფასებით მნიშვნელოვნად ვიწროვდება მისი ჭეშმარიტი ღირებულება და უსამართლოდ იზღუდება მასთან დაკავშირებული შედეგების დიაპაზონი.

ქოუჩთან მისული კლიენტი ნებისმიერი საკითხის დამუშავებისას საკუთარი თავის მიღმა მოიაზრებს ადამიანების გარკვეულ წრეს, რომელთაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში უკავშირდება ქოუჩთან დამუშავების პროცესში არსებული საკითხები. პირადი ურთიერთობების შემთხვევაში ეს ე.წ. არაპირდაპირი ბენეფიციარები კლიენტის ოჯახის წევრები და სასიყვარულო ურთიერთობის მონაწილეები/პარტნიორები არიან; პროფესიული საკითხების განხილვის შემთხვევაში აღნიშნული შეეხება მენეჯერს ან დაქვემდებარებულს (კლიენტის სტატუსის მიხედვით), თანამშრომლებს, სამსახურეობრივ გარემოს და რიგ შემთხვევებში მომხმარებლებს; პიროვნული განვითარების შემთხვევაში კი მეორადი ბენეფიციარების რიცხვი მოიცავს როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი ურთიერთობების წრეს და ყველა იმ პოტენციურ პარტნიორსა თუ კოლეგას, რომელიც კლიენტის ცხოვრებაში გაჩნდება სწორედ მის მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების შედეგად.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ პირად ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტით კლიენტი იმავდროულად იწვევს გარკვეული პროცესების დაძვრას სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც. კლინეტის მიზნებისა და გააზრების სიღრმის მიხედვით მის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც მის მიკრო გარემოს - ოჯახს, თანამშრომლებს, ახლო მეგობრებს, ისე -  გაცილებით უფრო ფართო ჯგუფებს, როგორებიცაა სოციუმი, ტრანსნაციონალური სივრცე და გლობალური მასშტაბი. ყველა შემთხვევაში, საკუთარი მისიისა და ცხოვრებისეული საზრისის გააზრებით ადამიანი იძენს შესაძლებლობას, საკუთარი სიცოცხლე დაინახოს ყველაზე უფრო პროდუქტიული და რესურსული პერსპექტივით, სადაც მისი კონტრიბუცია, მისივე ნების შესაბამისად, სცდება საკუთარი პიროვნების ფარგლებს.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ქოუჩინგის პროცესში აუცილებლად ხდება კლიენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გავლენის შეფასება სხვა ადამიანებზე. ქოუჩი უზრუნველყოფს კლიენტის მიერ მისი გადაწყვეტილების ეკოლოგიურობის გადამოწმებას და მის პირად დამოკიდებულებაში გამყარებას ამ გადაწყვეტილების შედეგებთან დაკავშირებით.  ყველა შემთხვევაში ქოუჩინგი მოწოდებულია პოზიტიური ცვლილებების სტიმულირებისკენ, რომელთა საბოლოო ადრესატების რიცხვი განუსაზღვრელია. ამიტომ ქოუჩინგს შეეფარდება ფორმულა, რომლის მიხედვითაც მთელი მეტია, ვიდრე შესაკრებთა ჯამი. სწორედ ესაა ქოუჩინგის მადლი.