როცა ბედნიერი გავხდები ...
როცა ბედნიერი გავხდები... ცხოვრება არ არსებულ დროში
შეგიმჩნევიათ? როგორ აბამს მახეში ადამიანს თავისივე ფიქრები? როდესაც მოქმედების ნაცვლად, უსასრულო პირობებს უყენებს საკუთარ თავს და საბოლოოდ, იშვიათად თუ ასრულებს მათ. გიფიქრიათ რატომ ხდება ასე? იქნებ თქვენც ამ მახეში ხართ ახლა გაბმული და გამოსავლის ძიებაში უფრო მეტად იკარგებით... ვერ აცნობიერებთ ჩაკეტილ წრეში ყოფნას და დრო და დრო ეკითხებით საკუთარ თავს: „რას ვაკეთებ არასწორად?“ „სად მეშლება?“ როცა სასურველი ცვლილება არასოდეს დგება და ცხოვრებაც ისე მიედინება, თითქოს მასში შემთხევითი მონაწილე ყოფილიყოთ და არა მისი მმართველი. როგორც წესი, ამგვარი ყოფის შედეგი გემოდაკარგული ცხოვრებაა, რომელიც ფრუსტრირებულ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს და მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს ფიქრით - როდის დადგება მისი დრო?
ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები გააჩნიათ, ცხოვრებით კმაყოფილების დონე აქვთ დაქვეითებული, ხშირად თვითღირებულების განცდის ნაკლებობაც სტანჯავთ, მაგრამ რეალურად, ეს მხოლოდ მთავარი პრობლემიდან ამოზრდილი ტოტებია, რომლის ფესვებშიც სრულიად სხვა მარცვალი ღვივის და სულ უფრო არაჯანსაღ მიმართულებას აძლევს ადამიანის ცხოვრებას. პრობლემები ყველა მიმართულებით ჩნდება, თუმცა განსაკუთრებით დრამატულად ეს პიროვნების უნარზე ისახება - გრძნობდეს აწმყოს და მასში საკუთარ თავს. თითქოს მთლიანად სწყვეტს ინდივიდს „აქ და აჟამად“ არსებობის მდგომარეობიდან და არარსებულ დროში - მომავალში ანაცვლებს, სადაც უკვე ცხადად ეჯახება იმ მთავარ პრობლემას, რაც საფუძველშივე იყო ჩადებული - მანკიერ ურთიერთობას საკუთარ თავთან. და ასე იკვრება მოჯადოვებული წრე. მთელი ცხოვრებისეული პრობლემები შეგვიძლია დავუკავშიროთ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს - თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი საკუთარ თავთან და რეალურად, არაფერი ისე არ ამახინჯებს საკუთარ თავთან ურთიერთობას, როგორც მომავალში, არ არსებულ დროში ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ფიქრებშია შესაძლებელი.
ამგვარად, იწყება მანკიერი ურთიერთობა საკუთარ თავთან და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო მოგვაგონებს ჩვენს თავთანვე გაჩაღებულ ვაჭრობას, რომელსაც დასასრული არასდროს არ აქვს; „როცა სასურველ პირობებს შემომთავაზებენ, მაშინ დავიწყებ მუშაობას...“ როცა საკმარისად გამოვიმუშავებ, მაშინ დავასაჩუქრებ საკუთარ თავს“ „როცა საქმეს მოვრჩები, მაშინ დავისვენებ...“ „როცა თავდაჯერებული გავხდები, მაშინ გამოვალ სიტყვით..“ „როცა წონაში დავიკლებ, მაშინ დავიწყებ ურთიერთობას“ „როცა ბავშვები წამოიზრდებიან, მაშინ მივხედავ საკუთარ ცხოვრებას“ და ასე უსასრულოდ „როცა... მაშინ“
შეიძლება იკითხოთ, მაინც რა არის ცუდი ამ ყველაფერში? და მართლაც, ცუდი არც არაფერია, პირიქით, სრულიად უწყინარი ფიქრები და არაჩვეულებრივი მიზნებია, თუ უცბად არ აღმოაჩენთ, რომ დღემდე არ გაქვთ სამსახური, ან გაქვთ და ვერასოდეს იმეტებთ თანხებს თქვენთვის საჩუქრის საყიდლად, არ გახსოვთ ბოლოს როდის დაისვენეთ, არასდროს აფიქსირებთ საკუთარ აზრს და პოზიციას, არ გაქვთ არავისთან სერიოზული ურთიერთობა და ბოლოს, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ბავშვებს უკვე თავიანთი ოჯახები ჰყავთ და თქვენ კი დღემდე არ გაქვთ საკუთარი ცხოვრება... აქ შეიძლება დაფიქრდეთ კიდეც - თუ რა იგულისხმება კონკრეტულად საკუთარ ცხოვრებაში?
როდესაც მიზნისკენ სავალ გზაზე ფიქრები მთლიანად ანაცვლებს ქმედებებს, სხვა რეალობას ვიღებთ და საბოლოოდ, ეს მიზნები შესაძლოა სრულიად აცდენილი იყოს ჩვენს რეალურ ცხოვრებას, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, ცუდი არაფერია ამაში, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი შესაძლოა დიდად არც გადარდებდეთ. მაგრამ ერთხელ მაინც, იმაზეც თუ დაფიქრდებით საიდან შეიძლება მოდიოდეს მუდმივი დაუკმაყოფილებლობის განცდა, შემაწუხებელი შფოთისა და დაღლილობის შეგრძნებები, აუცილებლად მიხვალთ საკუთარ თავთან, რომელიც სადღაც მომავალშია გადასროლილი და მცირედი კავშირიღა აქვს აწმყოსთან, სადაც მთელ თავის რესურსებს ისევ მომავალზე ფიქრისთვის იყენებს...
როგორ გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე? რა არის გამოსავალი? გაგიკვიდებათ და ისევ ფიქრი სინამდვილეში, ფიქრი საკუთარ თავთან ურთიერთობის ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, როდესაც სწორი გზით ვიყენებთ მას და მივმართავთ არა მეტწილად მომავლისკენ, არამედ „აქ და ამჟამად“ არსებული მდგომარეობისკენ, განცდებისკენ, სურვილებისკენ, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ საკუთარი მოთხოვნილებები და მყისიერად გვიბიძგებს ქმედებისკენ და გვაჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ისინი. თუკი ეცდებით და ამ მიზნითაც დაიწყებთ ფიქრს, თანდათან შეამჩნევთ თუ როგორ იცვლება ცხოვრება უკეთესი მიმართულებით.
მაშ ასე, დღეიდან, შეგიძლიათ ჩაუსაფრდეთ საკუთარ თავს და როგორც კი მოვა ფიქრი - „როცა ბედნიერი გავხდები, მაშინ დავიწებ სრულფასოვან ცხოვრებას.“ შევჩერდეთ. მგონი, ასე უფრო სწორი იქნება - „როცა სრულფასოვან ცხოვრებას დავიწყებ, მაშინ გავხდები ბედნიერი.“ არა მეგობრებო! ეს ისევ ვაჭრობაა საკუთარ თავთან! ამის ნაცვლად ჰკითხეთ თქვენს თავს - რა გეგმები მაქვს დღეს? რას ვაკეთებ ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად? და ეცადეთ, რომ დღის განმავლობაში ერთი სურვილი მაინც შეუსრულოთ საკუთარ თავს, რომელიც დღეს გაგხდით ბედნიერს და ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზეც!