ცხოვრებაში ორი დღეა ყველაზე მნიშვნელოვანი: დღე, როდესაც დავიბადეთ და დღე, როდესაც მივხვდით, რატომ - ქეთი ირემაშვილის გზა ქოუჩობამდე
რატომ გავხდი ქოუჩი ?
ცხოვრებაში ორი დღეა ყველაზე მნიშვნელოვანი: დღე, როდესაც დავიბადეთ და დღე, როდესაც მივხვდით, რატომ. ადამიანების დახმარების სურვილი ყოველთვის ჩემი ხასიათის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ფუნქციას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტატუსით ვასრულებდი. უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როდესაც ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობამ „პრაქტიკული სამართლის“ პროგრამის ტრენერად ამიყვანა. აქედან დაიწყო ჩემი, როგორც განმანათლებლის, კარიერა. „პრაქტიკული სამართლის პროგრამა“ ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგიაზე აგებული არაფორმალური განათლების მიმართულებას წარმოადგენდა. ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოვყალიბდი და შევდექი ტრენერად, რომლის უპირველესი დანიშნულებაც სტუდენტების შემეცნების ხარისხის გაზრდასთან ერთად მათ შთაგონებას წარმოადგენდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში სწორედ ამ სულისკვევეთებით ვმუშაობდი ახალგაზრდებთან, რომლებსაც ცოდნის მიწოდების კვალდაკვალ საკუთარი თავის რწმენასა და მუდმივი განვითარების მოტივაციას ვუნერგავდი. სწავლების მიმართულება, რომელიც მე ავირჩიე, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ამიტომ ჩემი სამუშაო პროცესი ყოველთვის განსხვავებული იყო ინტერაქციის ხარისხით, სტუდენტებთან დამოკიდებულების ფორმებით და იმ გაცნობიერებების შინაარსით, რომელიც მათ სამუშაო პროცესის შედეგად მიჰქონდათ.
სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვის პარალელურად მეც მუდმივად მივისწაფვოდი პროფესიული და პიროვნული ზრდისკენ. საკუთარი თავის შემეცნების პროცესის აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ სავსე ვიყავი ენთუზიაზმით, ეს გამოცდილება სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ნელ-ნელა მეც და სტუდენტებიც ვატყობდით, რომ პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად ჩვენი საუბრის თემები ინტერპერსონალური საკითხებითაც მდიდრდებოდა. თვითშემეცნების პროცესში საკუთარ თავზე მუშაობისას მიღებული გამოცდილების შედეგად გადავწყვიტე ემოციური ინტელექტის ინტენსიური ინტეგრირება ჩემს სასწავლო მეთოდოლოგიასა და პროგრამებში. საუნივერსიტეტო სწავლებასთან ერთად დავიწყე თვითშემეცნების პოპულარიზაცია არაფორმალური განათლების მიმართულებით. ვატარებდი ტრენინგებს პიროვნული განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ჯგუფებთან.
საბოლოოდ, ჩემი ინტერესი ქოუჩინგმა მიიპყრო და ხანგრძლივი თერაპიული პროცესის შემდეგ გადავწყვიტე, თავად მომესინჯა თავი ქოუჩის ამპლუაში. ქოუჩინგის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გავაცნობიერე, რომ სტუდენტების ფართო აუდიტორიასთან მუშაობისგან განსხვავებით, ინდივიდუალურ დიალოგში შემიძლია გაცილებით უფრო პროდუქტიული ვიყო, როგორც მსმენელი; კლიენტთან პირისპირ დიალოგისას შთაგონების გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი მიიღწევა. ქოუჩინგის სასერთიფიკატო პროგრამაში მონაწილებამ დამარწმუნა, რომ ჩემი მოწოდება ადამიანებთან დიალოგის გზით კომუნიკაცია, მათი მოსმენა და შთაგონებაა. პირადად ჩემს ცხოვრებაში თვითშემეცნების პროცესებში ინტენსიურად მონაწილეობამ ბევრი სასიკეთო ცვლილება მოიტანა: ვიპოვე საბამი ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ღირებულებებს შორის; გავაცნობიერე ჩემი, როგორც ინდივიდის, უნიკალურობა და საფუძვლიანად დავამუშავე ის რწმუნებულებები, რომლებიც მანამდე ხელს მიშლიდა სასურველი შედეგების მიღწევაში. ამ საინტერესო პროცესში ქოუჩინგმა გარდამტეხი როლი ითამაშა და მომცა პიროვნული გამთლიანების ერთგვარი ვალიდაცია. ვფიქრობ, ყველა ადამიანი იმსახურებს საკუთარ თავში იმ შესაძლებლობების აღმოჩენას, რომელიც მას მდგრადი პოზიტიური განვითარებისკენ მიმართავს.
ქოუჩის ამპლუაში ვემუშავები სხვადასხვა ინტერესისა და მისწრაფების ადამიანებს. ამ პროცესში ძალიან მეხმარება ჩემი 15-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, რომელმაც ადამიანების არაერთგვაროვან ჯგუფებთან ადაპტაციისა და განსხვავებების მიმღებლობის უნარები შემძინა. თუმცა, ქოუჩად მუშაობის ყველაზე დიდი მოტივაცია სწორედ თვითშემეცნების პროცესში მიღებული ჩემი პიროვნული გამოცდილებიდან მოდის. საკუთარ თავზე იმის გამოცდამ, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ფიქრებს ჩვენივე ცხოვრების ჩვენს სასიკეთოდ შეცვლა, სამუდამოდ შთამაგონა, გავხდე სხვებისთვის შთაგონების ბიძგი. მგონია, რომ სხვაგვარად ცხოვრების გაგრძელების უფლება არც მაქვს.