Dialogi.ge contact@dialogi.ge

უკვე 36 წლის ვარ და საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ეს ერთერთი უსწორესი გადაწყვეტილებაა - თამარ ლაფაჩის გზა ფსიქოლოგიამდე

უკვე 36 წლის ვარ და საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ეს ერთერთი უსწორესი გადაწყვეტილებაა - თამარ ლაფაჩის გზა ფსიქოლოგიამდე 18:38:15 2021-09-13

უკვე 36 წლის ვარ და საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ეს ერთერთი უსწორესი გადაწყვეტილებაა - თამარ ლაფაჩის გზა ფსიქოლოგიამდე

   ალბათ არ ვიქნები პირველი ვინც ამბობს, რომ ამ პროფესიაში - ფსიქოლოგიაში, პირველ რიგში საკუთარი თავის დასახმარებლად მოდიხარ. ზოგს ეს თავიდანვე გაცნობიერებული აქვს და სრულიად მიზანმიმართულად აკეთებს არჩევანს, ზოგს კი ნაკლებად ეგოისტური მიზნები ამოძრავებს და სხვების დასახმარებლად ისწრაფვის, თუმცა ამ ალტრუისტულ მოტივებშიც, სადღაც მიმალულად, შესაძლოა არც ვაღიარებდეთ, იკვეთება პირველ რიგში საკუთარი თავის ძიების, შეცნობის სურვილი, რომლის გარეშეც ალბათ სხვა ადამიანების გაგება და მათი დახმარება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

   ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ის რამაც ფსიქოლოგის პროფესიის არჩევისკენ მიბიძგა არ ყოფილა მხოლოდ სხვა ადამიანების დახმარების სურვილი, მით უფრო მანამდე მქონდა უკვე სპეციალიზებული სამედიცინო განათლება და, პატარა ასაკის მიუხედავად, სრულიად ვაცნობიერებდი ამ სფეროს დანიშნულებას, მაგრამ როდესაც დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო - გამეგრძელებინა სწავლა სამედიცინოზე და პარალელურად დავსაქმებულიყავი შესაბამის სფეროში, ყველასთვის მოულოდნელად, 19 წლის ასაკში ჩავაბარე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში და იმ მომენტიდან დავასრულე გარშემომყოფთა დაჟინებული მოლოდინები იმის თაობაზე, რომ აუცილებლად ექიმი უნდა გავმხდარიყავი. სხვა რა გზა იყო,  ჩემს ამ გადაწყვეტილებას ოჯახიც გაგებით შეხვდა და გვერდში დამიდგა. უკვე 36 წლის ვარ და საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ეს ერთერთი უსწორესი გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. მაშინ ყველასთვის მოულოდნელი, თუმცა ჩემთვის დიდ ხანს ნაფიქრი, აწონდაწონილი და კარგად გააზრებული ნაბიჯი გადავდგი, რისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზებიც მქონდა და სწორედ ამ მიზეზებზე მსურს გესაუბროთ, რომლის შესახებაც აქამდე ღიად არასდროს მისაუბრია, და ზოგისთვის, ალბათ მოულოდნელიც იქნება.

   წარმოიდგინეთ 12 წლის ლაღი გოგონა, საზაფხულო არდადეგებზე, სოფელში. მოულოდნელად, ოჯახის ახლო ნათესავი გარდაიცვალა და გვიან ღამით, სამძიმრიდან დაბრუნებულები, როდესაც ტრადიციულიად ძილისწინა რიტუალი უნდა გამევლო, დაიწყო...

   უცნაური მოუსვენრობა, მუცლის წრიალი, ძლიერი შიშის განცდა, რომელიც თანდათან უფრო ძლიერდებოდა, სუნთქვის გაძნელება თითქოს ჰაერი არასაკმარისად იყო, გული ისე მიცემდა მეგონა გასკდებოდა, ძლიერი თავბრუსხვევა და გონების დაკარგვის შიში, ხელფეხი უჩვეულოდ გამეყინა შუა ზაფხულში და მაინც, ყველაზე აუტანელი რაც იყო ჩემთვის - მთელი სხეულით ვძაგძაგებდი და მახსოვს კბილებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერდი იმისთვის, რომ კანკალი როგორმე შემეჩერებინა.. და ისიც მახსოვს შემდეგ ყბების კუნთები როგორ მტკიოდა ამისგან. ეს იყო ჩემი პირველი პანიკური შეტევის ეპიზოდი, 12 წლის ასაკში, რომელიც ასე, მოულოდნელად დაიწყო და რომელიც თითქმის 8 წელი, 20 წლის ასაკამდე გამიგრძელდა. პანიკური შეტევა, რომელიც უხმო, თვალებში ჩაბუდებული ძლიერი შიშით გამოიხატება და უნებლიე, უკონტროლო მოძრაობებით ხასიათდება. ვერ ჯდები, ვერ წვები, ვერ საუბრობ, თავში ყველაფერი ტრიალებს... მართლაც, მხოლოდ იმის თქმას ვახერხებდი რომ ცუდად ვიყავი და ვერასდროს ვერ ვხსნიდი რატომ ან როგორ ვიყავი ცუდად... და ეს მეორდებოდა ყოველ ჯერზე, როცა კი გარდაცვალებაზე ფიქრები შემომეპარებოდა... შემდგომში კი, მოზარდობის ასაკში, შფოთვამ გენერალიზებული ფორმა მიიღო და მართალია უკვე იშვიათად, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გაძლიერებული შფოთვა თითქმის ყოველთვის პანიკური შეტევით სრულდებოდა, რომელსაც უკვე აღარც ვამხელდი და მარტო, გმირულად ვუმკლავდებოდი ამ მდგომარეობას. იმ დროისთვის, „ბნელ 90იან წლებში“ ეჭვი მაქვს ბევრმა არაფერი იცოდა ამ მდგომარეობის შესახებ და დიდად არც ფსიქოთერაპიის დანიშნულება ესმოდათ და ალბათ ჩემებმაც ჩათვალეს რომ უბრალოდ რაღაცის შემეშინდა და თავისით გამიარა. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ეს „თავისით გავლა“ საკმაოდ დიდ ხანს გამიგრძელდა.

   შფოთვითი აშლილობა პანიკური შეტევებით. დღეს ეს დიაგნოზი არავისთვის აღარ ჟღერს უცხოდ და ფსიქოთერაპიითა და საჭიროების შემთვევაში მედიკამენტოზური ჩარევით უმოკლეს დროში არის შესაძლებელი მისგან გათავისუფლება. 8 წელი ნამდვილად არ ჭირდება   წავიდოდი თუ არა ფსიქოლოგთან ასეთი შესაძლებლობა რომ მქონოდა იმ დროს? დიახ, აუცილებლად წავიდოდი. თუნდაც იმისთვის, რომ აეხსნა მაშინ შეშინებული მოზარდისთვის, რომ არ ვკვდებოდი და არც ვგიჟდებოდი, წავიდოდი იმისთვის რომ მხარდაჭერა მქონოდა იმ დეპრესიულ და სირთულეებით სავსე პერიოდში, რომელსაც მოზარდობისას გავდიოდი და წავიდოდი უკვე მოზრდილობის ასაკშიც იმის გასაცნობიერებლად, რომ თითქმის ყველა სირთულე ცხოვრებაში ბავშვობის ასაკიდან მოდის. რეალურად ასეც მოხდა - შფოთვითი აშლილობისგან საბოლოოდ გათავისუფლება მე არა თეორიული ცოდნით, არამედ სხვადასხვა თერაპიულ პროცესში ჩართვით შევძელი. ამიტომ ასჯერ უფრო ცხადად მაქვს გაცნობიერებული იმ საქმიანობის მნიშვნელოვნება და საჭიროება, რომელსაც ახლა უკვე თავად ვემსახურები.

    ამგვარად, საკუთარი თავის შეცნობის და პრობლემის გაცნობიერების სურვილმა, მომიყვანა მე ამ პროფესიამდე და მაზიარა უაღრესად საინტერესო და ღირებულ ცოდნას, რომელმაც ადამიანების მიმართ მიმღებლობა და სამუდამო სიყვარული გამიღვივა. სინამდვილეში, იყო ფსიქოლოგი, რათქმაუნდა გაცილებით ბევრს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ საკუთარ პრობლემაში გარკვევის სურვილია და მეტიც, თუკი შენი ინტერესი საკუთარი თავის იქით აღარ მიდის, ამ პროფესიაში უბრალოდ არ დარჩები  რათქმაუნდა პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანია, ინდივიდი და მისი დახმარების სურვილი. სწორედ თითოეული წარმატებული თერაპია გაძლევს პიროვნული წინსვლისა და განვითარების საშუალებას. ამ თვალსაზრისით, არც კი ვიცი ვის უფრო მეტად გაუმართლა - ჩვენ, ამ სფეროს მსახურებს, რომლებიც გაწეულ დახმარებასთან ერთად ბონუსად თვითრეალიზაციის შესაძლებლობას ვიღებთ, თუ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოთერაპიის მეშვეობით უნიკალური შანსი ეძლევათ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ვერ ვიტყვი  ერთი რამ კი ნამდვილად უდავოა - ფსიქოთერაპია არის სამყარო, რომელიც ყველაზე უსაფრთხო და საიმედო თავშესაფარს სთავაზობს ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება და ემოციური მხარდაჭერა ესაჭიროებათ!

                                                                                                                                            თ. ლაფაჩი