Dialogi.ge contact@dialogi.ge

რატომაა ფსიქოლოგთან ვიზიტი კარგი და როგორ ავარჩიოთ ძლიერი სპეციალისტი?

რატომაა ფსიქოლოგთან ვიზიტი კარგი და როგორ ავარჩიოთ ძლიერი სპეციალისტი? 00:21:50 2018-10-03

ზრდასრულთა ფსიქოლოგია

რატომაა ფსიქოლოგთან ვიზიტი კარგი და როგორ ავარჩიოთ ძლიერი სპეციალისტი?

   მანამ, სანამ სათაურში დასმულ შეკითხვაზე დავიწყებთ პასუხის გაცემას, დავფიქრდეთ, რა დონეზეა საქართველოში ფსიქოთერაპია და როგორია მდგომარეობა საზღვარგარეთ. 
   ფსიქოლოგთან ვიზიტის კულტურა, ევროპაში, ამერიკასა და თუნდაც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, უკვე მრავალ ათეულ წელს ითვლის, რამაც გამოიწვია იქ მცხოვრები ხალხის არსებული დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ, და მათთვის, ფსიქოთერაპია ძალიან ბუნებრივ პროცესად აღიქმება, ისევე როგორც გარკვეული პერიოდულობით, ჯანმრთელობის გადამოწმება ექიმებთან და თუნდაც, დასვენება შვებულებების დროს. უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგი მათთვის არის ადამიანი, რომელთანაც შეუძლიათ ისაუბრონ თავისუფლად, ნებისმიერ თემაზე, რომელიც შეიძლება აწუხებდეთ ან უბრალოდ სურდეთ საუბარი, და განსხვავებით ახლობლის, ოჯახის წევრისა თუ უახლოესი მეგობრისგან, მიიღონ ობიექტური პასუხი, რასაც კვლევების თანახმად, ახლობელი ადამიანი თითქმის ვერასდროს ახერხებს, ისინი ყოველთვის სუბიექტურები არიან ჩვენს მიმართ. ეს შეხედულება სულაც არაა გამოგონილი მითი, უფრო მეტიც, ფსიქოთერაპიაში, ისევე როგორც სხვა პროფესიებში, არსებობს ძალიან ბევრი დებულება, რომელსაც ნამდვილი ფსიქოლოგი, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს და რომელზეც ქვევით ვისაუბრებთ. 
   რა ხდება საქართველოში? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე გონიათ და ამ ორ ტერმინსაც არ განასხვავებენ, თუმცა მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, ფსიქოლოგი არის თერაპიულ პროცესში კლიენტთან, და მას არ აქვს უფლება რომ დანიშნოს თუნდაც რაიმე სახის მედიკამენტოზური მკურნალობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ასევე გააჩნია ფსიქიატრის ლიცენზიაც) ხოლო ფსიქიატრი, თავისი მიმართულებით ეხმარება მისულ კლიენტს.
   ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში არსებული დამოკიდებულება, რომ ფსიქოლოგთან არაადეკვატური და გიჟები დადიან, დღემდე ძალიან მძაფრადაა ჩარჩენილი, რასაც მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რომ სანამ ძალიან არ გართულდება ადამიანის მდგომარეობა, მანამდე არ ხდება ფსიქოლოგისგან კონსულტაციის მიღება, შედეგი კი ხშირად ძალიან მძიმეა და კლიენტს, პრობლემისგან განთავისუფლებაში, დაახლოებთ 5-ჯერ დიდი დრო ჭირდება, რაც, რა თქმა უნდა, დიდ ვადებთან და ფინანსურად მეტ გადასახადებთანაა დაკავშირებული. 
   ფსიქოლოგთან ვიზიტი, ეხმარება ადამიანს, რომ შეძლოს და შორეული, ობიექტურად მაყურებელი თვალით დაინახოს მისი რეალობა, შეძლოს, რომ ისაუბროს თამამად ნებისმიერ თემაზე, დაივიწყოს საზღვრები და არ იფიქროს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის მიერ ნათქვამ სიტყვას, რადგან ფსიქოლოგსა და კლიენტს შორის, თუკი წმინდა თერაპიულ მიმართულებაზეა საუბარი, არ უნდა იყოს რაიმე სახის სხვა ნაცნობობა. შესაბამისად, კლიენტს აქვს საშუალება, რომ გააცნობიეროს თავისივე პრობლემები, რომელზეც აქამდე არც კი უსაუბრია და დაინახოს თითოეული მათგანი გამოწვევად, რომელსაც აუცილებლად გადალახავს, თუკი მოინდომებს. 
   არსებობს რამდენიმე დაუწერელი და დაწერილი კანონი ფსიქოთერაპიაში, რომელსაც წესით ყველა სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს: ფსიქოლოგი, ვალდებულია თავად ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი, რომელთანაც თვითონ იქნება თერაპიულ პროცესში, რადგან არ მოხდეს საკუთარი პრობლემების თავისივე კლიენტთან საუბრისას წარმოჩენა და გადატანა, რომელმაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს იმედით მოსული კლიენტი, თანაც ისე, რომ ვერც ერთი ხშირად ამას ვერ ხვდება და მათ შორის წყდება ურთიერთობა. ფსიქოლოგი ასევე ვალდებულია, რომ გადიოდეს სუპერვიზიას მასზე მეტად გამოცდილ და მცოდნე სპეციალისტთან, რათა მოხდეს არსებული პრობლემებისა და სიტუაციების გაცნობიერება, და კლიენტთან ურთიერთობაში მეტად შედეგიანი იყოს. ფსიქოლოგს ეკრძალება კაბინეტის გარეთ კლიენტთან მეგობრული ურთიერთობა (აქ არ იგულისხმება, რომ გარეთ შემთხვევით შეხვედრისას გამარჯობა არ უთხრას :) უბრალოდ მათი კონტაქტი არ უნდა გაცდეს იმ საზღვრებს, რომელიც დაკარგავს მათ შორის ობიექტური, არა მიკერძოებული დამოკიდებულების საზღვრებს), იგი ვალდებულია, რომ მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში ჰქონდეს კლიენტთან კავშირი, და უფრო მეტიც, საზღვარგარეთ, ჩაწერასაც კი მენეჯერის საშუალებით ახორციელებენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგი იცავდეს კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტებს, რადგან ერთი ზედმეტი სიტყვაც კი, შესაძლოა მისი კარიერისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.
   ასე რომ, კარგად დაფიქრდით, მანამ სანამ იტყვით, რომ საკუთარი თავის ფსიქოლოგი თვითონ ხართ ან ჩათვლით, რომ ამ ფუნქციას თქვენი ახლობელი, მეუღლე ან საუკეთესო მეგობარი შეასრულებს, ეცადეთ არ შეგეშინდეთ ცხოვრებაში ფაქტების გაცნობიერების და მიეცით საკუთარ თავს შანსი, გახდეთ უფრო ძლიერი, მაგრამ ამავდროულად გახსოვდეთ, შედეგის ეფექტურობისთვის, მოძებნეთ ისეთი ფსიქოლოგი, რომელიც ზემოთ აღნიშნული მცირეოდენი სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და რომელიც მთელი გულით შეეცდება თქვენს დახმარებას, და არა თქვენს მაგივრად პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული მენიუების დაწერას სიტუაციიდან გამოსასვლელად. :) ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის არაა აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული პრობლემა გქონდეთ, ეს არის საშუალება, რომ იგრძნოთ თავი მშვიდად და იფიქროთ პოზიტიურად, ისაუბროთ იმ გარემოებებზე, რომელის მომავალში შესაძლოა თავის სატკივარი გაგიხდეთ.