დაზიანების სურვილი, მესაკუთრეობა, შური - როგორ ვებრძოლოთ ბავშვის მავნე ზნეს?!
მშობლისთვის, ალბათ, განსაკუთრებით რთულია შვილის უარყოფითი მხარე დაინახოს, თუმცა ფაქტია, ბავშვებიც შეიძლება მავნე ჩვევებს ფლობდნენ. მცირე ასაკში ეს, ბუნებრივია, მსუბუქად და თითქმის შეუმჩნევლად გამოიხატება, თუმცა თუ სწორედ მოზარდობის პერიოდში არ მიექცა ამ თვისებებს ყურადღება, ზრდასრულ ასაკში განსაკუთრებით რთულად დასაძლევი იქნება. "დიალოგის" ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Etaloni.ge-ს ესაუბრა.
- როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვის მავნე მიდრეკილებები და ზნე? როგორც წესი, მშობლებს უჭირთ საკუთარ, მით უმეტეს მცირეწლოვანი შვილის უარყოფითი მხარე დაინახონ. თუმცა ალბათ ცუდი ჩვევების გამოსწორებაზე ზრუნვა ადრევე სჯობს. რას ურჩევდით მშობლებს, რას მიაქციონ ყურადღება?
- იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, ალბათ ის, რასაც მშობლებმა ყურადღება უნდა მოაქციონ, მათი და შვილების კომუნიკაციაა, ასევე ის, თუ როგორი ურთიერთობები აქვთ ბავშვებს სხვა თანატოლებთან და როგორ ადაპტირდებიან იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ყოფნა უწევთ. ზოგჯერ, მშობელს რაღაც კონკრეტული ქცევა ბავშვში პრობლემად მიაჩნია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თავად მშობელს აქვს არასწორი დამოკიდებულება და არა - ბავშვს. თუ მშობლები და ზრდასრულები ამჩნევენ, რომ ბავშვს გარშემომყოფებთან კონფლიქტები ხშირად აქვს, მათ შორის თავად მშობლებთანაც, ყურადღება უნდა მოაქციონ. არგუმენტი, რომ „გაიზრდება და შეიცვლება“ მართებული არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობაში ფორმირებული დამოკიდებულებები, გამოცდილება და ქცევა ზრდასრულ ასაკში რთულად მართვადია.
- კონკრეტულად ვისაუბროთ რამდენიმე თვისებებზე: რას გამოხატავს ბავშვი, თუ მას შურისკენ, სხვისი დაზიანებისკენ ან მესაკუთრეობისკენ აქვს მიდრეკილება?
- ყველა ეს მაგალითი შესაძლებელია უკავშირდებოდეს ბავშვის მხრიდან იმედგაცრუებას, წარუმატებლობის მიუღებლობას, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნასა და მესაკუთრეობას. ეს თვისებები კონკრეტული ასაკისათვის ნორმალურია, მაგრამ შემდგომში აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ ის არ არის სამყაროს ცენტრი და ეს ეგოცენტრული მდგომარეობაც უნდა გადასხვაფერდეს. ესაა ერთგვარი კრიზისი, რომლის ეფექტურად გადასალახად მშობლებისა და ზრდასრულების მხრიდან ჯანსაღი და სწორი მიდგომა აუცილებელია. ბავშვი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის გარდა სხვაც არსებობს.
- როგორ უნდა ებრძოლოს მშობელი ბავშვის მავნე ზნეს?
- მავნე ზნე შეიცვლება მაშინ, თუკი ოჯახში ზრდასრულებს იგივე პრობლემა არ აქვთ. თუ ეს მხარე მოწესრიგებულია, მშობლებმა ბავშვებს კონკრეტული ინსტრუქციები უნდა მიაწოდონ, შენიშვნის მიცემის დროს თანმიმდევრულები იყვნენ, მათი ნათქვამი არ უნდა გადათქვან, რომ ბავშვმა შენიშვნა სერიოზულად აღიქვას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეული წევრი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს. ანუ, როცა მაგალითად, დედა შენიშვნას აძლევს ბავშვს, ბებიამ ან თუნდაც, მამამ მისი საპირისპირო არ უნდა უთხრას.
- არის შემთხვევები, როცა მშობელს მცირეწლოვანი ბავშვი აღარ ემორჩილება. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს?
- ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მშობელს ბავშვზე გავლენის მოხდენა სურს, თავის გადაწყვეტილებაში მტკიცე უნდა იყოს. ბავშვები მიზნის მისაღწევად ხშირად მანიპულირებას ცდილობენ და უფროსებს არ უნდა შეეშინდეთ მათი სიჯიუტის, ტირილის და ა.შ. ანუ, მშობელმა ზუსტად უნდა იცოდეს რას აკეთებს, რა მიზნით და რა შედეგის მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში ბავშვები მათ სიმტკიცეს გრძნობენ და ნაკლებად ეწინააღმდეგებიან.
- რა ასაკამდეა განსაკუთრებით ეფექტური მავნე ჩვევებთან ბრძოლა?
- განსაკუთრებით დაწყებით სასკოლო და გარდატეხის ასაკის დადგომამდე. გარდატეხის ასაკიდან უკვე სხვა სირთულეები იჩენს თავს და თუ მანამდე მშობლებსა და შვილებს შორის სწორი კომუნიკაცია არ ჩამოყალიბდა, სადაც მშობელი ავტორიტეტია, შემდგომი პერიოდი უფრო რთულად გადასალახი და კონფლიქტური იქნება.