Dialogi.ge contact@dialogi.ge

რა უარყოფით შედეგებს იწვევს უდისციპლინობა და როგორ მივაჩვიოთ ბავშვი წესრიგს?

რა უარყოფით შედეგებს იწვევს უდისციპლინობა და როგორ მივაჩვიოთ ბავშვი წესრიგს? 16:34:42 2018-11-07

რა უარყოფით შედეგებს იწვევს უდისციპლინობა და როგორ მივაჩვიოთ ბავშვი წესრიგს?

დისციპლინა, იგივე პასუხისმგებლობა არსებული წესებისა და კანონების მიმართ, არის ის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ დისციპლინის მქონე პირები, რომლებიც შესასრულებელ სამუშაოს თუ გეგმას არ ივიწყებენ და მიზანდასახულად მიჰყვებიან, ქმნიან თვალსაჩინო შედეგებს. ეს ჩვევა კი ბავშვობიდან იღებს საფუძველს და როგორც ყველაფერი სხვა, ზრდასრულ ასაკში შედარებით ძნელად ასათვისებელი ხდება.
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დისციპლინას? - ამ თემაზე "დიალოგის" ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილი Etaloni.ge-ს ესაუბრა.
- რას ნიშნავს და მოიცავს დისციპლინა?
- დისციპლინა ნიშნავს მტკიცედ დადგენილ წესს, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა ადამიანისათვის. ყველა ოჯახს, ჯგუფს თუ ორგანიზაციას აქვს თავისი წესები, რომლებსაც მათი დისციპლინა შეგვიძლია ვუწოდოთ. გამოვყოფთ ასევე თვითდისციპლინას, რომელიც ერთგვარად ადამიანის საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს. ბავშვებს ხშირად ექმნებათ ხოლმე პრობლემები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, როდესაც უდისციპლინოდ იქცევიან, ანუ რაღაც კონკრეტულ წესებს არღვევენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მშობლები ხანდახან ზედმეტად მომთხოვნები არიან და ბავშვებისაგან დისციპლინირებულობას მოითხოვენ,  რეალურად კი ასწავლიან ძალიან გულწრფელი, არავისთვის საზიანო და უსაფრთხო იმპულსების შეკავებას, რითაც შესაძლოა ის შედეგი მივიღოთ, რომ  ბავშვი ჩაიკეტოს და სოციალურ გარემოსთან ნორმალური ადაპტაცია გაუჭირდეს. აქედან გამომდინარე ეს ცნება - დისციპლინა,  ყველას განსხვავებულად ესმის.  მე ვიტყოდი, რომ დისციპლინირებულია ბავშვი რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და თვითგამოხატვა ისე, რომ სხვა ადამიანი არ დააზიანოს. შესაბამისად, უდისციპლინობას შესაძლოა გამოხატავდეს ბავშვის ქცევა, რომელიც  საკუთარ თავს ან გარშემო ვინმეს/ რაიმეს აზიანებს.
- როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დისციპლინას?
- ბავშვი ავტომატურად ეჩვევა და სწავლობს იმ დისციპლინას, რომელიც მის ოჯახში არსებობს. თუ მშობელს უნდა, რომ ბავშვის რაიმე ქცევა შეცვალოს და ამას უდისციპლინობას უკავშირებს, პირველ რიგში იმ სოციალურ გარემოს, ოჯახს გადახედოს, რომელშიც ის იზრდება. რამდენად აკეთებენ იმავეს ზრდასრულები? თუ აღმოაჩენს რომ მისი სურვილები არსებულ რეალობასთან თანხვედრაში არ მოდის, მაშინ ჯერ ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს არასწორი აღზრდის გამო, სწორედ იმ მიზეზით, რომ მშობლები წესებისა და დისციპლინის სწავლების დროს თანმიმდევრულები არ არიან, ჩამოყალიბებული აქვს ქცევის დარღვევა და ასეთ დროს სპეციალისტის ჩარევა არის ხოლმე საჭირო.
- რა მოსდევს უდისციპლინობას, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ამ ჩვევას ზრდასრულ ასაკში?
- უდისციპლინობის გამო ადამიანებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა უჭირთ. ანუ საკუთარ ქცევას, ამ შემთხვევაში უდისციპლინოს, ავლენენ და გარემოდან უკურეაქცია, ანუ მისი არ მიღება, მათში გაურკვევლობის განცდას და აგრესიასაც კი იწვევს ხოლმე. მათ უჭირთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, აღიარება რომ რაღაც არასწორად გააკეთეს. ეს ხდება ხოლმე მაშინაც კი, როდესაც პიროვნება ხედავს იმ უარყოფით შედეგს, რომელიც მის ქცევას მოჰყვა. ამის მიზეზია სწორედ ბავშვობაში ადეკვატური რეაქციისა და შეფასების გარეშე დატოვებული ბავშვის უდისციპლინო ქცევა, რომელიც ბავშვის მიერ აღიქმება როგორც - დასაშვები.
- სად გადის ზღვარი თავისუფლებას, შემოქმედებითობას, სპონტანურობას და დისციპლინას შორის, ანუ როგორ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ ბავშვი ზედმეტ ჩარჩოებში არ ჩავსვათ?
- ამის ყველაზე მარტივი, გასაგები და ეფექტური ინსტრუქცია ალბათ იქნება შემდეგი: დასაშვებია ის ქცევა, რომელიც არ მომიტანს ზიანს მე, როგორც პიროვნებას და არ დააზარალებს ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. დასაშვებში ვგულისხმობ ადამიანის მიერ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, ემოციური და კრეატიული არსების თვითგამოხატვას. ამით ადამიანი შეძლებს შექმნას თვითდისციპლინა, რომელიც საშუალებას იძლევა გვერდით მყოფი ადამიანებიც და, რა თქმა უნდა,  საკუთარი თავიც გაითვალისწინოს.
- და ბოლოს, შეიძლება თუ არა ამ ჩვევის ზრდასრულ ასაკში გამომუშავება და რა ხერხები არსებობს ამისთვის?
- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ცვლის რაიმეს, როდესაც თავადვე სურს ეს და არა იმიტომ რომ - ასე უნდათ მისგან. ეს არის ის წინაპირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში ალბათ ყველაფრის შეცვლა და სწავლა შესაძლებელია. ის ადამიანები, რომლებიც გეგმას ხშირად ცვლიან, ან ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული საქმე, არ არიან აუცილებლად უდისციპლინოები. ზოგჯერ, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ადამიანს უბრალოდ არ უნდა იმის გაკეთება, რასაც აკეთებს. დისციპლინის სწავლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მთავარია გაცნობიერდეს არსებული უდისციპლინობა, რომელიც ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის და რაც ერთისთვის უდისციპლინობაა, მეორესთვის ნორმა შეიძლება იყოს. ამის შემდეგ კი სასურველი დისციპლინა ანუ ქცევა უნდა განვსაზღვროთ და პრაქტიკაში გადმოვიტანოთ.