Dialogi.ge contact@dialogi.ge

შეყვარებული მოზარდი - როგორ უნდა ესაუბროს მშობელი თინეიჯერს პირადი ცხოვრების შესახებ?

შეყვარებული მოზარდი - როგორ უნდა ესაუბროს მშობელი თინეიჯერს პირადი ცხოვრების შესახებ? 13:28:02 2018-11-01

შეყვარებული მოზარდი - როგორ უნდა ესაუბროს მშობელი თინეიჯერს პირადი ცხოვრების შესახებ?

პირადი ცხოვრება ის საკითხია, რომელზე საუბარიც ზრდასრულებისთვისაც მთელ რიგ კლიშეებს მოიცავს. მითუმეტეს, როცა საქმე შეყვარებულ მოზარდს ეხება, მშობელთა უმეტესობა გაურკვევლობას განიცდის - როგორ უნდა ესაუბრონ შვილს ამ თემაზე? ღირს თუ არა კითხვების დასმა? ხომ არ გააღიზიანებს თინეიჯერს ზედმეტი ყურადღება, ან პირიქით, უყურადღებობის ფონზე მნიშვნელოვან შეცდომას ხომ არ დაუშვებს? სწორედ ამასთან დაკავშირებით "დიალოგის" ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი Etaloni.ge-ს ესაუბრა. 

- ქალბატონო ქეთი, თუ მშობელი ხედავს, რომ მისი მოზარდი შვილი შეყვარებულია, როგორ უნდა ესაუბროს პირადი ცხოვრების შესახებ ისე, რომ მის გრძნობებს შეურაცხყოფა არ მიაყენოს?

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მოზარდს მეტი დამოუკიდებლობა და აღიარება სჭირდება. შესაბამისად, გარშემომყოფებისაგან პატივისცემა და პირადი სივრცის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ამ ასაკში მოზარდთან საუბარი დიდ სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს. მათ არ მოსწონთ როდესაც უფროსები ჭკუას ასწავლიან,  მათ გრძნობებს აუფასურებენ და არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. შესაბამისად, რა თემაზეც არ უნდა ვესაუბრებოდეთ მათ, მითუმეტეს, თუ ეს სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება, უმჯობესია ვიყოთ მსმენელის როლში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცეს რეკომენდაციები, როდესაც ამას თვითონ მოზარდი ითხოვს. მათ ყოველთვის უნდა დავუტოვოთ არჩევანის გაკეთების საშუალება და მივცეთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება. მეტი ინფორმაციის მისაღებად, სჯობს მათ ზრდასრულების მხრიდან გულწრფელი ინტერესი დაინახონ და არა მხოლოდ - ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მცდელობა. 

- თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მოზარდი „შეუფერებელი“ (შესაძლოა, მისი მომავლისთვის სახიფათო) პირით არის დაინტერესებული, როგორ უნდა მიაწოდოს რჩევა ისე, რომ მოზარდმა გაითვალისწინოს და არ გაღიზიანდეს? 

- მშობელს ყოველთვის შეუძლია შვილს თავისი მოსაზრება გაუზიაროს, მითუმეტეს, თუკი რეალურ საფრთხეზეა საუბარი, მოზარდის დაცვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუკი მშობელი უბრალოდ მიიჩნევს, რომ მისი შვილი შეუფერებელ ადამიანს ხვდება, ასეთ დროს ეს ინფორმაცია  ფრთხილად უნდა მიაწოდოს. ამ ასაკში ისედაც ხშირად ეწინააღმდეგებიან შვილები მშობლებს, ზოგჯერ სწორედ ამის გამო არჩევენ რეალურად მართლა შეუფერებელ ადამიანს. როდესაც მოზარდმა იცის რომ მშობელი მას არ გააკრიტიკებს და ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით დადგება, ალბათობა იმისა, რომ ის შეუფერებელ ადამიანს აირჩევს, ნაკლებია. ხშირად მშობლები საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობენ, რაც არასწორია. თუ მოზარდი ჩიხშია შესული და მის დახმარებას მშობლები ვერ ახერხებენ, მაშინ აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს. 

- ქცევის რა თავისებურება ახასიათებს შეყვარებულ მოზარდს და როგორ უნდა მოიქცნენ მის მიმართ მშობლები ასეთ დროს?

- შეყვარებული მოზარდები საკუთარ თავს მეტ დროს უთმობენ, საკუთარ გარეგნობაზე მეტად ზრუნავენ. ახასიათებთ ამაღლებული გუნება-განწყობილება, რომელიც პრობლემის შემთხვევაში მეორე უკიდურესობით, ანუ ძლიერი აპათიური მდგომარეობით და გაღიზიანებით გამოიხატება. ეცვლებათ საკუთარი თავის აღქმა და დამოკიდებულება. გრძნობენ მეტ აუტონომიას და ამას მოითხოვენ კიდეც გარშემომყოფებისგან. მშობლები ამ ცვლილებების მხარდამჭერები უნდა იყვნენ. არ უნდა გააკრიტიკონ შვილი და უნდა აგრძნობინონ პატივისცემა. 

- მშობლის რა საქციელმა შეიძლება დატოვოს ტრავმა, ანუ არსებობს თუ არა მკაცრად აკრძალული ქცევა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებს?

-ალბათ, ყველაზე ცუდია, როდესაც მშობელი შვილს უფლებას არ აძლევს იარსებოს იმ ახალ სამყაროში, რომელსაც გარდატეხის ასაკში საკუთარ თავში აღმოაჩენს. მშობლებს ეშინიათ შვილებზე კონტროლის დაკარგვისა, რადგან ისინი აღარ ემორჩილებიან, ამიტომ ხშირად ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, უკრძალავენ მოზარდებს სახლიდან გასვლას, ართმევენ თავისუფლებას და იზოლაციაში აქცევენ, რაც დაუშვებელია. მშობელი ვალდებულია გააცნობიეროს საკუთარი შფოთვები და ემოციები, რომ თავისი სიმშვიდისათვის საჭირო გადაწყვეტილებებით არ დააზიანოს შვილი. უნდა ვიფიქროთ ამ ასაკის თავისებურებებზე და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებიც მშობლის და მოზარდების მხარესაც ობიექტურად აფასებენ.  

- და ბოლოს, როგორ უნდა ისაუბროს მშობელმა ამ თემაზე მოზარდთან იმ შემთხვევაშიც (ან უნდა ისაუბროს თუ - არა), თუ ის შეყვარებული არ არის, მაგრამ მშობელს სურს, რომ კონკრეტული რჩევები მიაწოდოს. მაგალითად, როგორ ადამიანებზე ღირს ფიქრისა და გრძნობების შეჩერება და ა.შ. 

- კარგია როდესაც მშობლები შვილებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. უყვებიან საკუთარი შეცდომებისა და სწორი გადაწყვეტილებების შესახებ. მაგრამ, ეს უნდა იყოს მხოლოდ გამოცდილების გაზიარების ფორმატით და არა - ჭკუის სასწავლებელი და დამრიგებლური, რადგან მოზარდი ამით შესაძლოა შეშინდეს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს, რაც ძალიან ცუდია. ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდს საკუთარი არჩევანი ჰქონდეს და თავის სურვილებს მშობლების სურვილებისაგან აცალკევებდეს. როდესაც ბავშვები მშობლებისგან უპირობო მიმღებლობას გრძნობენ, ისინი ყოველთვის ნაკლებ შეცდომას უშვებენ. შეცდომაც ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომლის გარეშეც ადამიანის განვითარება არ არსებობს. მხარდამჭერი და ჯანსაღი ურთიერთობებით შვილებთან ჩვენ მათ რესურსს ვაძლევთ სირთულეებს გაუმკლავდნენ არამხოლოდ გარდატეხის ასაკში, არამედ - შემდგომ პერიოდშიც.