Dialogi.ge contact@dialogi.ge

რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, როცა რამის ეშინია?

რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, როცა რამის ეშინია? 14:45:07 2018-10-04

რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, როცა რამის ეშინია?

ბავშვები ემოციური არსებები არიან, განსაკუთრებით მაშინ,  როცა სამყაროს შემეცნებას იწყებენ. შემეცნების პროცესში კი მათთვის უცნობი, საგნები თუ ფაქტები ხშირად შიშს იწვევს. პატარებში შიშის გამომწვევი მიზეზი საკუთარი ჩრდილიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

შიში ბავშვებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. კონკრეტულად, ჩრდილების შიშის შემთხვევებით მომართვიანობაც არის, თუმცა ძალიან ხშირად არა. უმეტესად 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხდება, სკოლამდელ ასაკზეა საუბარი, როდესაც ბავშვი იწყებს სამყაროს შეცნობას.

მშობელმა უნდა იცოდეს რომ შიში ბუნებრივი რეაქციაა, როდესაც ბავშვი მისთვის უცხო მდგომარეობაში ან სიტუაციაში აღმოჩნდება. ასეთ დროს ისინი კარგავენ უსაფრთხოების განცდას. მნიშვნელოვანია რომ მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის ამ რეაქციას, დაიჯეროს, რომ ეშინია, არ გამოიყენოს მაგ. ასეთი  ფრაზა: "კარგი, რისი გეშინია, მშიშარა ხარ"?  შეუქმნას ბავშვს  უსაფრთოხების განცდა. თუ კონკრეტულად ჩრდილებზე ვისაუბრებთ, მაშინ მშობელმა უნდა გააცნოს ჩრდილი, უთხრას რა არის და საიდან ჩნდება. როგორც კი ბავშვი დარწმუნდება რომ საშიში არაფერია, დაუბრუნდება დაცულობის შეგრძნება და მაშინვე დამშვიდდება. მშობლის ვალდებულება ასეთ დროს არის სწორედ ამ დაცულობის შეგრძნების შექმნა. კატეგორიულად მიუღებელია მათი მხრიდან ამ შიშით მანიპულირება. სამწუხაროდ, ზოგჯერ უფროსები აშინებენ ბავშვს მაგ, "გუდიანი კაცი მოვა" და ა.შ. მსგავსი ქცევით, მშობელმა შესაძლოა ფობიის ჩამოყალიბებას შეუწყოს და ბავშვს მიაყენოს ტრავმა.

ჩრდილის შიშს ბავშვი ავტომატურად დაძლევს, როდესაც დარწმუნდება, რომ ის საშიში არაა. ზოგჯერ მშობლები ჩრდილებით თამაშსაც კი ასწავლიან თავიანთ შვილებს. მაგრამ თუკი ბავშვს შიში აქვს ჩამოყალიბებული და მისი ეს რეაქცია ჩრდილის ყოველი დანახვისას მეორდება, ან უკვე სიტყვა "ჩრდილისაც" კი ეშინია, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს და ითხოვოს დახმარება.

საერთოდ შიში არის ადამიანის თავდაცვის - ბუნებრივი, ბიოლოგიური და ემოციური რეაქცია რომელიც თანდაყოლილია. თავს იჩენს მაშინ როდესაც იკარგება დაცულობის შეგრძნება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვი პირველად ხედავს ჩრდილს, მისი შიში ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ეშინოდეს ჩდილების, თუნდაც პირველივე დანახვაზე.