Dialogi.ge contact@dialogi.ge

წყვილების ფსიქოთერაპია / პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობის დროს

წყვილების ფსიქოთერაპია / პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობის დროს 12:34:37 2018-10-12

წყვილების ფსიქოთერაპია / პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობის დროს

ორი ადამიანის ურთიერთობა ესაა მდგომარეობა, როდესაც მუდმივად გიწევს იფიქრო არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შენს გვერდით მყოფ ადამიანზეც. ხშირია შემთხვევები როდესაც ჰარმონიულად დაწყებული ურთიერთობები ერთმანეთთან აბსოლუტური გაუცხოებით სრულდება. ზოგ შემთხვევაში ისმება კითხვა რატომ? ზოგჯერ კი უბრალოდ მთავრდება ურთიერთობა.

კითხვაზე ,,რატომ?“ პასუხი ბევრნაირია. ამ პასუხის გაგება შესაძლებელია მხოლოდ გულწრფელობით საკუთარ თავთან.

ადამიანების უმეტესობას, ქალი იქნება თუ კაცი, მეტნაკლებად აქვს ამბიცია იყოს მისაღები და სასურველი ნებისმიერ ურთიერთობაში. რთულად გადაგვაქვს იმედგაცრუება და როდესაც პასუხისმგებლობის აღებაზე დგება ჯერი, არც ისე მარტივადაა საქმე. ორი ადამიანი განსხვავებული წარმომავლობით, სხვადასხვა ოჯახებში აღზრდილები განსხვავებული ფასეულობებით გადაწყვეტენ ერთად ყოფნას და ცდილობენ შექმნან თავისი, ძველისგან განსხვავებული, ან თუნდაც მსგავსი ოჯახი.

ზოგს გამოსდის, ზოგს კი ვერა. მიზეზი ბევრია, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად განმეორებულ შემთხვევა ასეთია:

მოდის წყვილი თერაპიაში, ან წყვილიდან ერთ-ერთი და პრობლემად სახელდება გახშირებული კონფლიქტები, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, უნდობლობა, იმედგაცრუება, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები, ღალატი და ა.შ.

 ადამიანებს უფრო ხშირად აინტერესებს სხვისი ქცევის მოტივი, მაგრამ როგორი ძლიერი ფანტაზიის უნარიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვერასოდეს ეცოდინება ზუსტად სხვისი ქცევის მოტივი. თუ თქვენ გააცნობიერებთ პრობლემას საკუთარ თავში, ამით შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას.

როგორც წესი პარტნიორები ცდილობენ ასიამოვნონ ერთმანეთს და ხშირად ამის გამო საკუთარ სურვილებზე ამბობენ უარს. ხშირად მიდიან დათმობაზე იმ მიზნით რომ ასიამოვნონ მეორე ადამიანს, არ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და ემოციებზე გულწრფელად, იმის გამო რომ გული არ ატკინონ მეორე ადამიანს. არ გამოხატავენ იმას, რაც სინამდვილეში უნდათ ან არ უნდათ, მოსწონთ არ მოსწონთ. საბოლოო ჯამში, კი ამდენი მცდელობის მიუხედავად, როდესაც ცდილობს ადამიანი ურთიერთობისთვის მოიქცეს ,,სწორად“ უფრო მეტ შეცდომას უშვებს. როგორ გგონიათ, რა ემართება პიროვნებას, რომელიც მაქსიმალურად თრგუნავს და უარს ამბობს საკუთარ მოთხოვნილებებზე. მას მუდმივად უწევს ცხოვრება მდგომარეობაში, როდესაც არარეალიზებულია ურთიერთობაში, თუმცა განცდა აქვს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს. სინამდვილეში ვინმემ იცის რა არის სწორი და არასწორი? წინასწარ არავინ. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს პიროვნება შეესაბამებოდეს თავისი ქცევით იმას, რაც ,,სწორია“, მით უფრო შორსაა იდეალური ურთიერთობისაგან (იდეალურობის გაგებაც ყველას განსხვავებული აქვს).

იმისათვის, რომ შეძლოთ სიამოვნებით თანაცხოვრება პარტნიორთან უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს და არ უნდა შეგეშინდეთ საკუთარი თავის ჩვენების. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ პიროვნებას, რომელიც საშინელ შინაგან დისკომფორტში იმყოფება მუდმივად და რა თქმა უნდა მას ადრე თუ გვიან ექნება პრობლემები ურთიერთობებში, რომელიც სწორედ მისმა მცდელობებმა - ,,მოვიქცე სწორად’’ განაპირობა.

საკუთარი შეგრძნებების, ინტუიციის და მოთხოვნილებების დათრგუნვით ჯერ არავინ გაბედნიერებულა. როდესაც თქვენ არ ხართ ბედნიერი, არც თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი იგრძნობს თავს ბედნიერად. მუდმივი განცდა, რომ ურთიერთობას მსხვერპლად წირავ საკუთარ თავს უარყოფითად მოქმედებს.

დასვით კითხვა - ,,ვიცნობ საკუთარ თავს? ვიცი რა მინდა? რა მომწონს ან რა არ მომწონს?“. გაერკვიეთ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ ნუ შეგეშინდებათ ამ აღმოჩენების ჩვენების. დაიწყეთ ურთიერთობებზე მუშაობა საკუთარ თავთან მუშაობით. ცვლილებას ვერ იგრძნობთ სხვა ადამიანში თუ თქვენში არ შეცვალეთ რაიმე.

შედეგად ურთიერთობები ხდება უფრო ჰარმონიული და მშვიდი.